მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან სემეკი წლის ახალ ტარიფს დაადგენს - რა ფაქტორები იქონიებს გავლენას?

6481e95334ee8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.23 00:05
822
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია 2024 წლისთვის წყალმომარაგების სექტორში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის ახალ ტარიფებს დაადგენს, რომელიც 2024-2026 წლების განმავლობაში იმოქმედებს.

გაიზრდება თუ არა წყლის გადასახადი 2024 წლიდან - ამ კითხვის საპასუხოდ გადაცემა #რედაქტ2-ში სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის რაიმეს თქვა რთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სემეკთან მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმას ათანხმებს, რომელიც წინა პერიოდის რეგულირების პერიოდის გეგმით განსაზღვრულ რიცხვებს 3-ჯერ აღემატება და პირველადი მონაცემებით 600 მლნ ლარზე მეტია. გიგა ნადირაძე განმარტავს, რომ წყლის გადასახადის დადგენისას ინვესტიციებთან ერთად სხვა ფაქტორების გათვალისწინება ხდება.

„წყალმომარაგებაში ტარიფის დადგენამდე აუდიტს ვაკეთებთ, რომელიც მხოლოდ ინვესტიციებს არ მოიცავს, ამ პროცესში მათ შორის საოპერაციო ხარჯები ფასდება. ტარიფზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს და ერთ-ერთი მათგანი რეალიზებული წყლის მოცულობაა. 2022 წელს ერთ სულ მოსახლესა და ერთ აბონენტზე წყლის მოხმარება გაზრდილია, ასევე გაზრდილია მომხმარებელთა რაოდენობაც, ეს ტარიფზე პოზიტიურ გავლენას ახდენს იმ კუთხით, რომ მისაღები შემოსავალი უფრო მეტ მომხმარებელზე ნაწილდება, რაც ასე ვთქვათ, ტარიფს ამცირებს. თუმცა ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტები ისინი ტარიფს ზრდისკენ უბიძგებენ, გარდა კაპიტალური ხარჯებისა არის ასევე საოპერაციო ხარჯებიც, რომელიც ცალკეული მიმართულებით ეფექტიანობის შემცირებას განიცდის და ესეც ტარიფის შემცირებაზე მოქმედებს, მაგრამ წინასწარ აუდიტის პროცესის დასრულებამდე ტარიფის საუბარი ლოგიკას მოკლებულია. რამდენად დააბალანსებს ეს ფაქტორები ერთმანეთს ეს აუდიტის საბოლოო ანგარიშში გამოჩნდება“, - განმარტა გიგა ნადირაძემ.

ცნობისთვის: სემეკმა წყლის ტარიფი 2021-2023 წლების განმავლობაში განსაზღვრა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში გამრიცხველიანებული აბონენტისთვის 1 მ³-ზე 50 თეთრია, ხოლო გაუმრიცხველიანებული მომხმარებლისთვის ერთ სულზე თვეში 4.518 ლარს შეადგენს. არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი 1 მ³-ზე 6.503 ლარითაა განსაზღვრული. „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში გამრიცხველიანებული აბონენტისთვის წყლის 1 მ³-ზე 51 თეთრია, გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელზე კი ერთ სულზე თვეში 2.626 ლარია. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 მ³-ზე 5.765 ლარს შეადგენს.