მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წელს საქართველოს მშპ 101 მილიარდ ლარს მიაღწევს - მთავრობა

6336d0bd872e4
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.22 15:19
1115
2026 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 101 მილიარდ ლარს მიაღწევს - ამის შესახებ განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2023 წელს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა მიმდინარე ფასებში 80 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2022 წლის მოსალოდნელი მშპ 72 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა და ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. 2023 წლისთვის მცირდება ბიუჯეტის დეფიციტის ნიშნული და ის 3%-ზე მცირე იქნება, ხოლო სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 40%-ს ჩამოსცდება.

“ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-მდე მცირდება, ხოლო ვალის მოცულობა ჩამოცდება 40%-ის ნიშნულს.

მშპ-ის ზრდა გათვალისწინებულია 5%-ის ოდენობით და ესაა კონსერვატიული მიდგომით დაგეგმილი. მშპ-ის ზომა 2023 წელს 80 მილიარდ ლარამდე მიაღწევს. 2020 წლის შემდეგ, დახალოებით, 30 მილიარდით გაიზარდა მშპ-ის მოცულობა. რაც შეეხება ერთ მოსახლეზე მშპ-ს ზომას, ის გადააჭარბებს 7.5 ათას დოლარს, რაც ბუნებრივია, მაღალი მაჩვენებელია თუ გავითვალისწინებთ იმ ზრდის ტემპს, რაც წინა წლებში არსებობდა.

საპროგნოზო მაჩვენებლით, 2026 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ მშპ-ის ზომა იქნება 101 მილიარდი ლარი და ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით 9.5 ათასი დოლარი,” - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.