მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2030 წლისთვის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ₾3 მილიარდს მიაღწევს - „ხედვა 2030“

63a756719ac6d
თელარა გელანტია
25.12.22 11:00
583
2030 წლისთვის საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ხედვა 2030“ წერია. 2020 წელს ეს მაჩვენებელი $942 მლნ იყო, 2021 წელს კი - 1 მლრდ 142 მლნ დოლარი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვების ღირებულება, რომელიც 2020 წელს 11,8 მლრდ ლარი იყო, ₾30 მლრდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"უკანასკნელ წლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამების მიუხედავად, აგროსასურსათო სექტორში კვლავ რჩება ისეთი გამოწვევები, რომელთა სწრაფი გადაწყვეტა აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება მოიცავს წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად, პირველადი წარმოების განვითარებას, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარებას, შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას. საქართველოს აგროსასურსათო სექტორისთვის ზემოაღნიშნული სისტემა, ხშირ შემთხვევაში, გამოწვევას წარმოადგენს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მსოფლიოში აგროსასურსათო ბაზარი გლობალიზაციის ფონზე, სწრაფად ვითარდება და მუდმივად იხვეწება პროდუქციის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების სისტემები.

ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელიც იწვევს წარმოების მასშტაბების სიმცირესა და დაბალკონკურენტუნარიანობას“, - წერია „ხედვა 2030“-ში.

ცნობისთვის: სოფლის მეურნეობის დარგში ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა კომპონენტის მხარდასაჭერად, 2013 წლიდან მთავრობა არაერთ პროგრამას ახორციელებს. 2021 წლის ბოლოსთვის სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების თუ პროგრამების ფარგლებში, ჯამური ინვესტიციის მოცულობა 3 მლრდ 99 მლნ ლარი იყო, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ 846 მილიონი შეადგინა.