მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2050 წლამდე ინდოეთის ეკონომიკა $30 ტრილიონამდე გაიზრდება - გაუტამ ადანი

63847939be863
გიორგი თოლორდავა
28.11.22 23:30
1122
მსოფლიოს რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანი, გაუტამ ადანი პროგნოზირებს, რომ 2050 წლამდე ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 30 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდის ტემპი კი საუკუნის ბოლომდე შენარჩუნდება. ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ინდოეთი გერმანიასა და იაპონიას გადაუსწრებს და რიგით მესამე უმდიდრესი ეკონომიკა გახდება - აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით.

ადანის შეფასებით, 2050 წლამდე ინდოეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 45 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც ინდოეთი ოფიციალურად და დამსახურებულად მიიღებს ზესახელმწიფოს სტატუსს.

უმდიდრესმა ინდოელმა მეწარმემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ახალი ბიზნესების შექმნის კუთხით ინდოეთი ამჟამად ლიდერია, გარდა ამისა, აზიური სახელმწიფოს მიმართ დაინტერესებას ისეთი ტექნოლოგიური გიგანტებიც გამოხატავენ, როგორიც Apple-ია, რომელიც ახალ iPhone 14-ს სწორედ ინდოეთში ააწყობს, ნაცვლად ჩინეთისა.

ცნობისთვის, 2022 წელს ინდოეთმა ეკონომიკის ზომით დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, გაუტამ ადანიმ კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა - სულ რამდენიმე თვეში მან ჯეფ ბეზოსს, ბილ გეიტსსა და უორენ ბაფეტს გადაუსწრო.

მოსახლეობის, ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გათვალისწინებით, ინდოეთის მიერ დიდი ბრიტანეთისთვის გადასწრება გარდაუვალი იყო, თუმცა პანდემიამ და რუსეთ-უკრაინის ომმა აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

ამჟამად ინდოეთის ეკონომიკის მოცულობა 3.2 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. IMF-ის ვარაუდით, 2026 წლისთვის ინდოეთის მშპ-ის მაჩვენებელი $5.5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბებს.

საგულისხმოა, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, სწრაფი ტემპით იზრდება ინდოეთის მოსახლეობაც და პროგნოზირებულია, რომ მომავალ წელს ინდოეთი ჩინეთისთვის გადასწრებით მსოფლიოში პირველ ადგილს დაიკავებს.

გთავაზობთ უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების რეიტინგს:

1. აშშ – $22.9 ტრილიონი
2. ჩინეთი – $17.7 ტრილიონი
3. იაპონია – $4.9 ტრილიონი
4. გერმანია – $4.2 ტრილიონი
5. ინდოეთი – $3.2 ტრილიონი
6. დიდი ბრიტანეთი – $3.1 ტრილიონი
7. საფრანგეთი – $2.9 ტრილიონი
8. იტალია – $2.1 ტრილიონი
9. კანადა – $2.0 ტრილიონი
10. სამხრეთ კორეა – $1.8 ტრილიონი


ვრცლად გაუტამ ადანის შესახებ წაიკითხეთ აქ:  როგორ აღმოჩნდა ინდოელი ბიზნესმენი უმდიდრესი ადამიანების სამეულში - გაუტამ ადანის წარმატების ისტორია