მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22.4-მილიონად მშენებარე "ჯარის ქალაქში" ჯარისკაცები კვადრატულ მეტრს $100-ად შეიძენენ

609d4ac409317
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 22:00
5066
თავდაცვის სამინისტრო უკვე მეორე წელია, რაც მახათას მთაზე ე.წ. "ჯარის ქალაქის" პროექტს აშენებს. პროექტის მთლიანი მოცულობა 32 მილიონი ლარია. 2022 წელს მისი პირველი ფაზა სრულდება, რომლის მშენებლობაც 22.4 მილიონი ლარი ჯდება. პროექტის თანახმად, ჯარისკაცებისთვის ამ საცხოვრებელ კორპუსებში ბინების შეძენა სუბსიდირებულ ფასად - კვადრატულზე 100 დოლარად იქნება შესაძლებელი. 

პროექტის შესახებ დღეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გააკეთა. მისი თქმით, ე.წ. ჯარის ქალაქში 1 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იცხოვრებს. 

„აქტიურად მიმდინარეობს მახათას მთაზე ბინების მშენებლობის პროცესი. ამ პროექტით, პირველ ეტაპზე, ათასზე მეტ სამხედროს შესაძლებლობა აქვს, 50%-იანი თანადაფინანსებით, კვადრატული მეტრი დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში შეისყიდოს და ამ თანხის გადასახდელად შიდა განვადებით ისარგებლოს. ამ დროისათვის მშენებლობა აქტიურ პროცესშია“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

"ჯარის ქალაქი" თავდაპირველი პროექტის მიხედვით კერძო კომპანიას, ტენდერის მეშვეობით უნდა აეშენებინა. ამის შესახებ განცხადება პროექტის პირვანდელი ვერსიის პრეზენტაციაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. თუმცა შემდგომში პროექტი მაინც ტენდერის გარეშე წარიმართა და საცხოვრებელ კორპუსებს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანია "დელტა მშენებელი" აშენებს.