25.აპრილი .2021 23:58

22,4 მილიონიან სამხედრო ქალაქს სახელმწიფო კომპანია "დელტა მშენებელი“ უტენდეროდ აშენებს

22,4 მილიონიან სამხედრო ქალაქს სახელმწიფო კომპანია "დელტა მშენებელი“ უტენდეროდ აშენებს
views 5552
უკან

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური პროექტი ყველასთვის“ - ამ სიტყვებით წარადგინა  2019 წლის აპრილში მახათას მთაზე, ე.წ. სამხედრო ქალაქის მშენებლობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს, მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება“, - ეს უკვე იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი და დღეს მოქმედი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია 2019 წლის დეკემბერში.

ჯერ ბახტაძისა და შემდეგ ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული სამხედრო ქალაქის მშენებლობა, საბოლოოდ, 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო.

აღნიშნულ პროექტზე bm.ge-მ სტატია - "ბახტაძის მიერ დაანონსებული სამხედრო ქალაქის პროექტი ღარიბაშვილმა თავიდან დააანონსა" -  2019 წლის ბოლოს მოამზადა. მაშინ თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ პროექტებს შორის ძალიან ბევრი არსებითი განსხვავება იყო. ერთ-ერთი "არსებითი განსხვავება" პროექტის განხორციელების ფორმაც აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროინდელი პროექტით სამხედრო ქალაქის ასაშენებლად ტენდერის გზით კერძო კომპანია უნდა შერჩეულიყო, ხოლო ღარიბაშვილის პროექტით, კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებდა, რაც, როგორც სამინისტროში განმარტეს, „მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას“.  

ერთი თვის წინ კი მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“-ს მიმდინარე მშენებლობის პროცესი მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

გამომდინარე იქიდან, რომ უწყების რელიზი ზოგად ინფორმაციას შეიცავდა, Bm.ge-მ პროექტის შესახებ დეტალების გასარკვევად თავდაცვის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, საიდანაც ირკვევა, რომ პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისა და თანმდევი საპროექტო მომსახურების საორიენტაციო ჯამური ღირებულება 22,400,000 ლარს შეადგენს, თუმცა "სამხედრო ქალაქის" პროექტის ჯამური ფასი, დაახლოებით, 32 მლნ ლარია. 

გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინტერესდით, თუ რატომ ახორციელებს სამუშაოებს სახელმწიფო კომპანია და რატომ გადაწყდა მისი ტენდერის გარეშე შერჩევა. 

„სამშენებლო სამუშაოები სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მიერ დაფუძნებული კომპანია შპს ,,დელტა მშენებელის“ მიერ ხორციელდება, რომელსაც განხორციელებული აქვს და ამჟამადაც ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე და სარგებლობს მაღალი ნდობით.

ამასთან, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათი საცხოვრებელი ფართებით დროული უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს, ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვა მოხდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტის "დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“, - გვიპასუხეს სამინისტროში.

მათივე განმარტებით, პროექტი 1092 ბინის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს, ხოლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინები განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული იმ მოსამსახურეებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) გენერლები, პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები, ასევე მთავარი სერჟანტისა და მასტერ-სერჟანტის საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურეები;
ბ) მაიორები, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან არ გადასცემიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი (ბინა), გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებსაც კონტრაქტის საფუძველზე წარმოექმნათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან საცხოვრებელი ფართის (ბინის) მიღების უფლება;
გ) თავდაცვის გენერლები, თავდაცვის პოლკოვნიკები, თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკები, რომლებსაც საქართველოს ძალოვან უწყებებში ნამსახურები აქვთ 15 წელზე მეტი, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიმუმ 5 წელი;
დ) ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა „მახათა“-ში, გაწევრიანებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილი არიან (გარდა არასაპატიო მიზეზებისა) და აკმაყოფილებენ „ა“ და „ბ“ პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნებს.

„საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით, 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა - საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ“, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

პროექტის დასრულება 2022 წელს არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა