მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

23 ოპოზიციური პარტია დონორებთან საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებებს მხარს უჭერს

5e873aa77d798
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 17:37
1872
საქართველოში არსებული ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები და საზოგადოებრივი მოძრაობები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც პარტიები აღნიშნავენ, რომ არსებულ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მოზიდულ იქნას დონორი ორგანიზაციების მხრიდან მნიშვნელოვანი ოდენობის ფინანსური დახმარება. "ეს ქვეყნის საერთო ინტერესია" - აღნიშნავენ პარტიები და წერილში დონორ ორგანიზაციებს იხსენიებენ:

ოპოზიციური პარტიების განცხადება:

"აშშ-ს მთავრობას, დიდი ბრიტანეთის მთავრობას, კანადის მთავრობას, ნორვეგიის მთავრობას, შვეიცარიის მთავრობას, ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, EBRD-ს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, JICA-ს.

კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს.

მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს.

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას.

კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსესუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ.

საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას.

ხელმომწერი პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები:

1. გირჩი • Girchi
2. ევროპული საქართველო
3. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement
4. ახალი საქართველო • New Georgia
5. რესპუბლიკური პარტია Republican Party
6. სამოქალაქო მოძრაობა
7. თავისუფალი საქართველო
8. ევროპელი-დემოკრატები
9. პარტია სამართლიანობისთვის
10. მოძრაობა ახალი საქართველოსთვის
11. გამარჯვებული საქართველოსთვის
12. „კანონი და სამართალი“/„Law and Justice“
13. თავისუფალი დემოკრატები / Free Democrats
14. საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
15. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო
16. ემსახურე საქართველოს
17. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
18. საქართველო ლიდერთა შორის
19. ეროვნულ დემოკრატიული პარტია National Democratic Party of Georgia
20. მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
21. ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
22. ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia
23. ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი