მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის ხევს სამი სკვერი შეემატება

5f32415a2fc18
BM.GE
11.08.20 10:56
2388
გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა N1–N1 ა კორპუსებთანაც, სადაც 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო მოსასვენებელი სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 74 290 ლარი დაიხარჯა.

გლდანის ხევის N6 და N6 ა კორპუსებთან კი სკევრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ღია სივრცის ტენისის მაგიდა და სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 382 555 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.