მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეებიც და ბიზნესიც პასუხისმგებლობით ვიქცევით და ვიმსახურებთ კომენდანტის საათის შემსუბუქებას"

6049010e0cef4
თამთა ჯიჯავაძე
10.03.21 23:00
899
უკვე რამდენიმე კვირაა ბიზნესი „კომენდანტის საათის“ 2 საათით გადაწევას ითხოვს. როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ ბიზნესასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა, ბიზნესს უკიდურესად რთულ ვითარებაში და დროში შეზღუდულ პირობებში უწევს ფუნქციონირება, ვინაიდან სამსახურების ძირითადი ნაწილი 19:00 საათზე სრულდება, ის ადამიანები, რომ რომლებიც დასაქმებულები არიან, ცდილობენ ერთ საათში მოასწრონ აუცილებელი საყიდლები, ვინაიდან 20:00 საათზე უკვე მაღაზიები იკეტება. ეს რაც შეეხება სავაჭრო ობიექტებს, თუმცა, ნანუშვილის თქმით, სამასპინძლო სექტორი კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაშია.

„ვგულისხმობ რესტორნებს და ბარებს, რომელთაც კომენდანტის საათი უკარგავს მომხმარებელთა მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ის დრო არის, როდესაც შეუძლიათ ყველაზე მეტი მომხმარებელი მიიღონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთდ ვაკვირდებით სიტუაციას, და ვხედავთ რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში არაერთი რეგულაციის მოხსნისა, სიტუაცია სულ მცირე არ უარესდება“, - განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება გამოხმაურებას მთავრობისგან, ბიზნეასოციაციის იურიდიული დირექტორის თქმით, მათ აქვთ სამთავრობო უწყებების პასუხი და ეს არის ის, რომ „კომენდანტის საათი“ ჯერ არ გაუქმდება.

„ორ კვირაზე მეტია შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპი დაიწყო და ჩვენ ვხედავთ რომ სტაბილურად დადებითი დინამიკაა. ეს ნიშნავს ერთ რამეს. კიდევ ერთხელ, მადლობა ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ ამ შეზღუდვების შემსუბუქების პირობებში როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეებიც და ბიზნესიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვიქცევით და ვიმსახურებთ იმას, რომ კომენდანტის საათის ნაწილშიც შემსუბუქდეს რეგულაცია. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რეგულაცია უნდა შემცირდეს პირბადის ტარების, ან დისტანცირების და ნაკადების მართვის ნაწილში. არა ბატონო. ბუნებრივია ეს მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. მაგრამ დღეს აუცილებელია გადაიხედოს კომენდანტის საათის საკითხი“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით შეზღუდვების ერთი ნაწილი 1 მარტიდან მოიხსნა, მეორე ნაწილი კი 8 მარტიდან. გახსნილია სასტუმროები, მთის კურორტები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, საბავშვო ბაღებიც და სკოლებიც. 15 მარტიდან უკვე თეატრებიც და სპორტული დარბაზებიც გაიხსნება. „კომენდანტის საათის“ გადაწევასა ან გაუქმებაზე კი საუბარი ჯერ არაა.