მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„24 საათს ვატარებთ Facebook-ზე“ – „გირჩის“ ამომრჩეველთან კომუნიკაციის სტრატეგია

5f788bbb39c4b
თამთა ჯიჯავაძე
03.10.20 20:02
950
ჩვენ გვყავს ცოტა სპეციფიკური ამომრჩეველი, რომელიც განსხვავდება სხვა პარტიების ამომრჩევლებისგან. ჩვენი ამომრჩეველი 24 საათის განმავლობაში გვიყურებს „ფეისბუქზე“, – ამის შესახებ „გირჩის“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა Forbes Talks-ში ამომრჩეველთან კომუნიკაციზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" განსხვავდება სხვა პარტიებისგან იმით, რომ ის და მისი თანაგუნდელები 24 საათს ატარებენ „ფეისბუქზე“.

„მათთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, საკუთარი გადაცემები გვაქვს, რომლებსაც ისინი უყურებენ „ფეისბუქზე“, გარდა ამისა, ფიზიკურად ვზივართ და ველაპარაკებით ამ ხალხს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, „გირჩს“ უყურებდნენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვანაირად.

„დასაწყისში უყურებდნენ როგორც რაღაც მორიგი პარტია, რომლის მსგავსი საქართველოში სამასია. ფიქრობდნენ, ესენი ახლა ცოტა ხანს ითამაშებენ და შემდეგ გაქრებიანო. შემდეგ მიხვდნენ, რომ არსად არ გავქრებით.

იმის გამო რომ სარკაზმს და იუმორს ვიყენებთ ხშირად, რომ ყურადღება მივიქციოთ და გზავნილები მივიტანოთ ადამიანებამდე, შემდეგ დამოკიდებულება იყო, რომ „კომედი კლაბი“ არიან და არასერიოზული ხალხიო.

ახლა უკვე შეიცვალა და ამ მოცემულობაში ნახეს, რომ ჩვენ დავძარით პროცესი და სხვა ოპოზიცურ პარტიებთან ერთად შეთანხმებამდე მივედით და ახლა განცდა არის, რომ ამ ერთი თვის შემდეგ "გირჩი" იქნება საპარლამენტო ფრაქცია. ამიტომ უფრო გვიყურებენ და უფრო მეტად გვისმენენ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„გირჩს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაწერილი საარჩევნო პროგრამა არ აქვს, რასაც თავად პარტიის ლიდერი შემდეგნაირად განმარტავს:

„რიცხვებით სირბილი და საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკას ამდენით გავზრდით და ვალს ასე შევამცირებთ და ა.შ. ამას აზრი არ აქვს“.