01.ოქტომბერი .2020 13:38

25 მილიონ ლარად მთავრობა 313 ავტომობილის შესყიდვას გეგმავს

views 3575
უკან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოცხადდა სამი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 25.4 მილიონი ლარია. ამ თანხით მთავრობა 313 ახალი ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. 

შესყიდვის შემდგომ, ავტომობილების უდიდესი ნაწილი შსს-ს უნდა გადაეცეს.  ტექნიკური პარამეტრების მიხედვით, 87 ავტომობილი - პიკაპი, 176 - ჰეჩბეკი, 50 კი ჰიბრიდი უნდა იყოს. დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები 2020 წლის მოდელები უნდა იყოს. 

სამივე კონსოლიდირებული ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა და კომპანიებს წინადადების წარსადგენად ვადა 4-დან 5 ოქტომბრამდე ექნებათ.

ამ ტენდერებში საშუალოდ ერთი ავტომობილის ღირებულება 81 ათასი ლარია. მათ შორის ყველაზე ძვირი 91 ათასი ლარი არის პიკაპის შესასყიდი ფასი, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი კი - 74 ათასი ლარია, რაც ერთი ერთეული ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვაზე არის გათვალისწინებული.

7,899,600 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 87 პიკაპის შესაძენად:

"50 (ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 25 (ოცდახუთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შპს "საქართველოს მელიორაციისთვის", 10 (ათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო 2 (ორი) ერთეული - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის,"- ნათქვამია განაცხადში. 

ცხენის ძალა - არანაკლებ 102; 
სიგრძე არანაკლებ 5 მეტრი;
გადაცემათა კოლოფი - არანაკლებ 5 საფეხური.

13,766,368 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 176 ჰეჩბეკის შესაძენად:

"150 (ას ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, 20 (ოცი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის, 4 (ოთხი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება განკუთვნილია საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის, ხოლო 2 (ორი) ერთეული - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის," - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. 

ძრავის მოცულობა არაუმეტეს - 1.4 ლიტრი, ბენზინი (ტურბო გამაძლიერებლით);
150 ცხენის ძალით. 

3,705,000 ლარის კონსოლიდირებული ტენდერი 50 ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად:

"შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ოპერატიული დანიშნულების 50 (ორმოცდაათი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების (შემდგომში - საქონელი/სატრანსპორტო საშუალება/ავტომანქანა/ავტომობილი) სახელმწიფო შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის,"- ნათქვამია განაცხადში. 

ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 2.5 ლიტრი ბენზინი (ჰიბრიდული ტიპის ძრავი);
ცხენის ძალა - 120-250. 

ყველა შესასყიდი ავტომობილის ფერი თეთრი უნდა იყოს. 





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა