მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$25 მლნ ძლიერი ლიკვიდურობის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს - ნიკოლოზ გამყრელიძის მადლობა EBRD-ს

5eb909e6634c5
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.20 12:35
1563
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის CEO ნიკოლოზ გამყრელიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, არსებულ ვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის. გამყრელიძის თქმით, $25-მილიონიანი დაფინანსება, რომელიც EBRD-მა გამოყო, კომპანიას ძლიერი ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

“მსურს, მადლობა გადავუხადო EBRD-ის ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს, რომელთანაც ჩვენმა ჯგუფმა დაასრულა კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია. გამოყოფილი თანხები საშუალებას მოგვცემს, მხარი დავუჭიროთ ქვეყანას კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, შევინარჩუნოთ ძლიერი ლიკვიდურობა და მომსახურების ხარისხი, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების საჭიროებებს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა,” - განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

კავკასიაში EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა, რომ ბანკი მოხარულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე წამყვან კომპანიას.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სჯჯ) ჩვენი დიდი ხნის კლიენტია და მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ მის საქმიანობას. მყარი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ რთულ დროში და ამ პროექტით ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ადამიანებში, სიცოცხლის გადარჩენასა და მომავალში,” - ამბობს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

EBRD-ის განცხადება:

“თანხები საშუალებას მისცემს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (სჯჯ), მოახდინოს ექვსი მთავარი საავადმყოფოს ადაპტირება Covid-19-ის პაციენტებისთვის, ასევე, გააძლიეროს დიაგნოსტიკური შესაძლებლობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის განვითარებისათვის თვალის მიდევნების თვალსაზრისით, ტესტირების გზით, ქვეყნის მოწინავე სამედიცინო ლაბორატორია MegaLab-ში, რომელიც თავდაპირველად, 2019 წელს, EBRD-მა დააფინანსა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კერძო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გახდა. ჯგუფის პორტფოლიო მოიცავს საავადმყოფოებს, კლინიკებს, აფთიაქებს, სამედიცინო დაზღვევას და დიაგნოსტიკურ ლაბორატორიას.

EBRD-ის ინვესტიცია გათვალისწინებულია მისი „გამძლეობის ჩარჩოთი“, რომელიც შეიქმნა კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შედეგად დაზარალებული არსებული კლიენტების გადაუდებელი მოკლევადიანი ლიკვიდურობისა და საბრუნავი კაპიტალის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს გააძლიერებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შესაძლებლობებს, რათა დაეხმაროს ოფიციალურ უწყებებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში ჯანმო-ს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად და შედეგად, ჩაახშოს დაავადების შემდგომი გავრცელება," - ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.