მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

250 ლარი თითო ფოტოზე - ტურიზმის ადმინისტრაციის კონკურსი ფოტოგრაფებისთვის

5f757bb855ec0
ინგა მურუსიძე
01.10.20 10:52
1084
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოგრაფებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს ონლაინ, 2020 წლის 20 ოქტომბერამდე; ასაკი შეუზღუდავია.

"კონკურსის მიზანია, კოვიდ-19-ის დროს დაზარალებული პროფესიების გაძლიერება, საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირება და ერთობლივი ძალებით შიდა ტურიზმის სტიმულირება", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მისივე ინფორმაციით, კონკურსის ნომინაციებია: სტუმარმასპინძლობა, გასტრონომია, ბუნება, კულტურული ძეგლები.

თითოეულ ნომინაციაში, მონაწილეს შეუძლია 5 ფოტოს ატვირთვა. კონკურსანტს სურვილისამებრ შეუძლია ატვირთოს ფოტოები როგორც ყველა გამოცხადებულ ნომინაციაში, ისე აირჩიოს ნებისმიერი კატეგორია ან კატეგორიები.

ფოტოების ატვირთვამდე მონაწილემ უნდა შეავსოს ავტობიოგრაფიის ველი. კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

„ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფოტოების ავტორებს გადაეცემათ 250 ლარი თითო ფოტოზე. საავტორო უფლება რჩება ფოტოგრაფს; ამასთანავე, შერჩეული საუკეთესო ფოტომასალის გამოყენების უფლებას იტოვებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისათვის, სხვადასხვა მედია საშუალებებით როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ - უვადოდ, ფოტოების გაყიდვის უფლების გარეშე და მათი გამოყენებისას ავტორის მითითების უზრუნველყოფით. გამარჯვებულთა გამოსავლენად კონკურსზე მუშაობს კომპეტენტური ჟიური“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

რაც შეეხება კონკურსის ბიუჯეტს, მას bm.ge ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.