26.მაისი .2022 09:33

26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე 5.5 მლნ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე იხარჯება

26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებზე 5.5 მლნ ლარზე მეტი ტენდერის გარეშე იხარჯება
views 808
უკან

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ, ჯამში, 24 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 523 500 ლარია.

როგორც გამარტივებული ტენდერების აღწერაში ვკითხულობთ, 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიების თემატიკად და კონცეფციად განისაზღვრა - „საქართველო ევროპისკენ“.

26 მაისის ღონისძიებებზე შემდეგი სახელმწიფო უწყებები ხარჯავენ თანხას:

1. დაცული ტერიტორიების სააგენტო - სააგენტოს მთავრობის დადგენილებით, 26 მაისისთვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება ქალაქ თელავში დაევალა. ღონისძიება ჯამში 258 025 ლარი დაჯდება, კონტაქტორი კომპანია კი შპს “ვანილა ივენთი”-ია.

2. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 26 მაისისთვის ტურიზიმის ეროვნულია ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს მესტიასა და თბილისში ჩაატარებს, რაშიც 527 095 ლარს დახარჯავს.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად შესაბამისი ღონისძიებების შესყიდვას განათლების სამინისტრო ქალაქ თბილისსა და ქალაქ ახალციხეში უზრუნველყოფს. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 400 517 ლარია.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - შსს-მ 26 მაისის ღონისძიებაზე 242 330 ლარის ღირებულების გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირებს (სსიპ-ები), სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამართვის უზრუნველყოფა ქალაქ მცხეთაში დაევალა.

5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 2022 წლის 04 მაისის N779 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევლა განახორციელოს 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები ქვეყნის მაშტაბით 14 მუნიციპალიტეტის (მესტია, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ახალციხე, ახალქალაქი, ამბროლაური, მარნეული, ფოთი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ჭიათურა) საზეიმოდ მორთვის უზრუნველყოფა დროშებითა და ბანერებით. გამარტივებული ტენდერის ღირებულება ამ შემთხვევაში 271 880 ლარია.

6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 მაისის N779 განკარგულების თანახმად და 26 მაისის კონცეფციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ქალაქ ოზურგეთში შემეცნებითი/ისტორიული პავილიონების მოწყობა; საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა; ინსტალაციებისა და დეკორაციების უზრუნველყოფა დაევალა. გამარტოვებული ტენდერი ღირებულება 210 000 ლარია.

7. თბილისის მერია - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 2022 წლის 26 მაისს, ქალაქ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებების და აქტივობების გამართვა არის დაგეგმილი. განთავსდება თემატური ინსტალაციები, ფოტოგადაღების კუთხეები, საგამოფენო პავილიონები, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისი საინფორმაციო სტენდები და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. ჩატარდება საბავშვო კონცერტები და მრავალფეროვანი საბავშვო-გასართობი აქტივობები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზრობა. თბილისის მერია 740 000 ლარის ღირებულების გამარტივებულ ტენდერს აცხადებს.

8. სოფლის განვითარების სააგენტო - სოფლის განვითარების სააგენტოს დაევალა ქალაქ გორში ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა/ბაზრობის მოწყობა, ღვინის დეგუსტაციის კუთხის მოწყობა, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა, თემატური ფოტოსტენდების მოწყობა, 26 მაისის ლოგოს ინსტალაცია, კოსტიუმირებული მსვლელობების მოწყობა, საბავშვო კონცერტის მოწყობა და საზეიმო აღნიშვნა. სააგენტო დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში 245 000 ლარს დახარჯავს.

9. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის მოწყობისა და ინტერაქციული კუთხეების უზრუნველყოფა, შემეცნებითი საგამოფენო პავილიონის მოწყობა. სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გეგმავს შეიძინოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კომპლექსი, სივრცეებით მოწყობის ღონისძიების ორგანიზების მომსახურება, რაშიც ჯამურად 62 877 ლარი დაიხარჯება.

10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 286 193 ლარი, პასუხისმგებელია ამბროლაურში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებაზე.

11. დმანისის მუნიციპალიტეტი - 2022 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის შპს "კვარტეტი რანინა"-ს მომსახურება 3750 ლარი.

12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 20000 ლარი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება, ხოლო ქ.ბათუმის კულტურის ცენტრი - 60 000 ლარი.

13. "ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი" -2022 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მოწვეულია მუსიკალური ჯგუფი „Killages“. მომსახურების ფასი - 11 500 ლარი.

14. გარდაბნის მუნიციპალიტეტი - 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ბენდით მოემსახურება პროექტი „ღამის შოუ“ გიორგი გაბუნიას ხელმძღვანელობით ( სავარაუდო ხანგრძლივობა 1საათი 20 წუთი). ბიუჯეტი - 15000 ლარი.

15. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია -26 მაისს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საზეიმო კონცერტი ჯგუფის "ერთი მეოთხედი (1/4)" მონაწილეობით. ბიუჯეტი - 14 811 ლარი.

16. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - სამინისტროს დაევალა ქალაქ ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი სივრცეების მოწყობა. უფრო კონკრეტულად ქუთაისში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოაწყობს თემატურ პავილიონებს, საბავშვო გასართობი სივრცეებს, მცირე მეწარმეებისა და კვების ზონებს, მუსიკალური სივრცეებს და ა.შ. თბილისში სამინისტროს დაევალა შემეცნებითი და საგამოფენო ინტერაქციული სივრცეების მოწყობის უზრუნველყოფა; მცირე მეწარმეების სივრცის მოწყობის უზრუნველყოფა; ტერიტორიის გაფორმება; უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება და შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. ჯამურად სამინისტრო 26 მაისის ღონისძიებაში 727 079 ლარს ხარჯავს.

17. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში, მთავარ მოედანზე, დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზება დაევალა დეპარტამენტს. ბიუჯეტი - 433 245 ლარი.

18. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი - ქალაქ რუსთავში და ქალაქ ჭიათურაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობების შესყიდვისთვის დაიხარჯა 404 549 ლარი.

19. ღვინის ეროვნული სააგენტო - ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაევალა თბილისში - კონცეფციის შესაბამისი სივრცის მოწყობა; მოსასვენებელი კუთხეების, ისტორიულ-საინფორმაციო კუთხის, ღვინის ბარის და ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვის კუთხის მოწყობა; თემატური, საინფორმაციო დაფების და დეკორაციების განთავსება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინფორმაციას ქართული ღვინის წარმოების ისტორიის, განვითარებისა და წარმატების შესახებ. ბიუჯეტი - 119 000 ლარი.

20. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს დაევალა, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტერიტორიის გარემოსდაცვითი და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო სივრცეებისა და საბავშვო გასართობ-შემეცნებითი სახელოსნოს შექმნა და მოსასვენებელი ეკოსივრცის მოწყობა. ბიუჯეტი - 173 955 ლარი.

21. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო მომსახურების შესყიდვა. ბიუჯეტი - 123 310 ლარი.

22. სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს დაევალა ფოთში მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ინსტალაციის მოწყობა. ბიუჯეტი - 49 102 ლარი.

23. შპს "საქართველოს ფოსტა" - საქართველოს ფოსტას“ დაევალა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, „ევროპისკენ“ კონცეფციის შესაბამისად „პოსტ ევროპის“ სტენდის მოწყობა, საქართველოს მარკების ისტორიის გამოფენა, საბავშვო ზონისა და აქტივობების უზრუნველყოფა. ბიუჯეტი - 74 982 ლარი.

24. სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ უნდა განახორციელოს ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სცენის მოწყობა და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებების განხორციელება. ბიუჯეტი - 49100.9 ლარი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა