მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"26 მლნ-ის ეკონომია გარე განათებაზე" - პროექტი, რაზეც კომპანია მთავრობისგან პასუხს ვერ იღებს

5e4a5927c5160
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.20 15:00
1738
„2-3 წელია სახელმწიფოს ვთავაზობთ პროექტს, რომელიც წლიურად გარე განათების ხარჯებს 26 მლნ ლარით შეამცირებს“, - ამის შესახებ BM.GE-ის ლედ სანათების ბრენდის "MLED"-ის მწარმოებელი კომპანია Mygps-ის ოპერაციების დირექტორმა დავით ჭიჭინაძემ განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, კომპანიას პროექტი „LED in Georgia” დიდი ხანია, რაც დამუშავებული აქვს და სახელმწიფო ამ პროექტის განხორციელებით მნიშვნელოვან დანაზოგს გააკეთებდა.

„გვინდა, რომ პროექტი „LED in Georgia“ საქართველომ გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა. საქართველოში, თბილისის ჩათვლით, გარე განათებებზე, დაახლოებით, 40 მლნ ლარი იხარჯება; ჩვენ შეგვიძლია, სახელმწიფოს 26 მლნ ლარის ეკონომია გავაკეთებინოთ. გვქონდა შეთავაზება, რომელსაც თითქმის არავინ იძლევა, არც ევროპელი მწარმოებლები, რომლებიც 5-დან 7 წლამდე გარანტიას იძლევიან და თუ ვინმე მეტს სთავაზობს, მაშინ ორმაგ ფასს ახდევინებს და ახალი სანათის ფასს უმატებს იმისთვის, რომ რისკები დაიზღვიოს.

ჩვენ ვაძლევთ 10-წლიან გარანტიას; მთელ საქართველოს 2-3 წელიწადში გაგინათებთ-ჩაგინაცვლებთ; 10 წლის განმავლობაში მუნიციპალურ ბიუჯეტებში, სადაც ისედაც უჭირთ ფინანსებში და ყოველთვის ფინანსთა სამინისტროზე არიან დამოკიდებულები, 260 მლნ ლარი დაიზოგება.

პროექტის ღირებულება 35 მლნ ევროა, შედარებისთვის ეს არის 300 000 ცალი სანათი საქართველოსთვის. მარტო თბილისის გარე განათების შეცვლისთვის, რომელიც საქართველოს განათების მესამედია, უცხოელმა მწარმოებლებმა სახელმწიფოს 70 მლნ ევროიანი პროექტი შესთავაზეს. ჩემთვისაც კარგია, იმიტომ რომ, წარმოების მოცულობა გამეზრდება და კომპანია ინდუსტრიულ მოცულობებზე გავა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

როგორც ლედ სანათების მწარმოებელი კომპანიის ოპერაციების დირექტორი ამბობს, ენერგეტიკისთვის ეს არის 20 მგვტ საათში ეკონომია. მისივე თქმით, სხვადასხვა მთავრობის პირობებში მათ ჰქონდათ შეხვედრები მინისტრებთან და უწყებების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, რომლებიც პროექტს იწონებდნენ, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიდიოდნენ.

"2-3 წელიწადია დავდივართ ამ პროექტით და ვუხსნით მინისტრებსა თუ მათ მოადგილეებს - გამოაცხადეთ ტენდერი, მთელი საქართველო ლედ განათებაზე გადავა; ენერგეტიკისთვის ეს არის საათში 20 მგვტ-ის ეკონომია. პასუხი არ არის! არადა გასანათებელი ჯერ კიდევ ბევრია. ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, 20 მგვტ სთ-ში ეკონომია საბალანსო ენერგიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რაოდენობაა. 6 ცალი ქარის ტურბინა გამოიმუშავებს იმდენს, რამდენსაც ჩვენ ეკონომიის სახით მივცემდი სისტემას“, - განმარტა კომპანიის ოპერაციების დირექტორმა და დასძინა: „შესაძლოა ეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობა იყოს. ეს იქნება ინვესტიცია, რომელიც 70-100 კაცამდე მუდმივ სამუშაო ადგილს გააჩენს 3-4 წლის განმავლობაში, ასევე ეს პროექტი განათების ქსელის გაფათოების საშუალებასაც იძლევა“.