მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2,6 ტონა საწვავი წამართვეს“- რატომ ვერ ანაღდებს მომხმარებელი საწვავს „ლუკოილში“?

61434640ab6f6
ელენე გოგბერაშვილი
16.09.21 20:30
3876
ფიზიკური პირები და კერძო კომპანიები მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან „ლუკოილის“ ბარათებით საწვავს ვეღარ ანაღდებენ, მიუხედავად იმისა, რომ თანხა უკვე გადახდილი აქვთ.

„ლუკოილ-ჯორჯიაში“ მიზეზად კომპანია „უნიგრუპთან“ გაწყვეტილი ხელშეკრულება დასახელდა, რომელიც მათი თქმით, მესამე პირებთან ხელშეკრულებას საწვავის გაყიდვაზე უშუალოდ აფორმებდა.

ის, რომ კუთვნილ საწვავს ვეღარ მიიღებდნენ, ამის შესახებ კომპანიებს მომხმარებლები პირადად არ გაუფრთხილებიათ. „ლუკოილში“ გვითხრეს, რომ მომხმარებელთა პირად ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდათ და მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზეც მომხმარებლის ბარათებისა და ტალონების სისტემასაც „უნიგრუპი“ მართავდა.

როგორც დაზარალებული მომხმარებლები bm.ge-სთან ამბობენ, მათმა დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა „უნიგრუპის“ არსებობის შესახებ, რადგან "ლუკოილის" ბარათებზე მხოლოდ ბრენდის სახელწოდებაა დატანილი და ე.წ ტალონებსაც „ლუკოილის“ ცენტრალურ ოფისში ყიდულობდნენ, სადაც ფართი, როგორც შემდგომ „ლუკოილში“ განმარტეს, იჯარით ჰქონდათ გადაცემული "უნიგრუპისთვის". შესაბამისად არც სოცილაურ ქსელში და არც სადგურებზე განთავსებულ ინფორმაციას მომხმარებელთა დიდი ნაწილი არ გასცნობია.

„ეს არ არის ერთი კერძო პირის დავა შპს „უნიგრუპთან“. ყველა დაზარალებული ვართ, მასშტაბური თაღლითობის მსხვერპლი, რომელიც ჩაიდინა ამ ორმა კომპანიამ“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული, ზურაბ მოსია.

„რამდენჯერმე მივმართე „ლუკოილს“, სადაც მეუბნებიან, რომ მივმართო სასამართლოს და ვუჩივლო „უნიგრუპს“. აბსოლუტურად არანაირი რეაგირება. 2,6 ტონა საწვავი პირდაპირი გაგებით წამართვეს და დამიბლოკეს“, - აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული, მამუკა ხვედელიანი.

"ლუკოილი" სრულ პასუხისმგებლობას კომპანია „უნიგრუპს“ აკისრებს, რომელთანაც ნასყიდობის ხელშეკრულება 2012 წლიდან ჰქონდა გაფორმებული. როგორც კომპანიის იურისტი განმარტავს, „უნიგრუპს“ მათი რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც იძულებული გახდნენ ხელშეკრულება გაეწყვიტათ.

„„ლუკოილ-ჯორჯიას“ და შპს „უნიგრუპს“ შორის თანამშრომლობა დაახლოებით 16 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულება ყიდვა-გაყიდვის ხასიათს ატარებდა, კონკრეტულად შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ ყიდდა, ხოლო შპს „უნიგრუპი“ ყიდულობდა საწვავს და მათი მხრიდან შემდგომ ხდებოდა მისი მესამე პირზე რეალიზაცია საწვავის ბარათებისა და ტალონების მეშვეობით.

ხელშეკრულების თანახმად შპს „უნიგრუპი“ ვალდებული იყო შპს „ლუკოილ-ჯორჯიასთვის“ გადაეხადა მის მიერ გაყიდული საწვავის ღირებულება. "უნიგრუპი" ხშირად არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, "ლუკოილი" იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება, რასაც მოჰყვა საწვავის მიწოდების შეწყვეტა და ბარათებსა და ტალონებზე საწვავის განაღდებაზე უარის თქმა ავტოგასამართ სადგურებზე“, - აცხადებს "ლუკოილის" იურისტი სოფო ტაბიძე.

თავის მხრივ „უნიგრუპი“ პასუხისმგებლობას „ლუკოილს“ აკისრებს. როგორც კომპანიის ადვოკატი ამბობს, მათი თანხები, ვინც დაზარალდა, „უნიგრუპმა“ სრულად ჩაურიცხა „ლუკოილს“. ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი კი ძველი დაგროვილი დავალიანებაა.

„მომხმარებლების თანხები, რომელიც „უნიგრუპში“ გადაიხადეს, „უნიგრუპმა“ გადარიცხა „ლუკოილში“. შესაბამისად მომხმარებლებს პრეტენზია, რომელიც სამართლიანად გააჩნიათ, შესაძლოა ჰქონდეთ „ლუკოილთან“ და „უნიგრუპი“ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს. ხელშეკრულება ავალდებულებს „ლუკოილს“, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც მივა „უნიგრუპის“ მიერ გაცემული ტალონით და ბარათით, მან უნდა მოახდინოს საწვავის ჩასხმა“, - აცხადებს „უნიგრუპის“ ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

„ლუკოილსა“ და „უნიგრუპს“ შორის დავამ უკვე გადაინაცვლა სასამართლოში. სანამ პროცესი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს და დაზარალებული მოქალაქეების ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას არცერთი მხარე არ იღებს, დანებებას არც თავად მომხმარებლები აპირებენ. მათმა დიდმა ნაწილმა „ლუკოილის“ საქმიანობით დაინტერესების მიზნით უკვე მიმართა ფინანსურ პოლიციას. ცალკეულმა პირებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით შეიტანეს სასამართლოშიც.