მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამირან გამყრელიძე: „გვიფიქრია სამედიცინო პერსონალის აცრის ვალდებულებაზე“

61310b47b4593
თამთა ჯიჯავაძე
02.09.21 21:34
1713
„გვიფიქრია სამედიცინო პერსონალის აცრის ვალდებულებაზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ ექიმებს ვალდებულება გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად B ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში, ესენი არიან მეანგინეკოლოგები, ანესთეზიოლოგები, ქირურგები. კანონით დადგენილია, რომ ისინი B ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილი. ასევე წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილი. ვეტერინარები ცოფის საწინააღმდეგოდ უნდა იყვნენ აცრილი, არის ასეთი გამონაკლისები. მაგრამ იმუნიზაციის სავალდებულოობა ყოველთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუმცა, დემოკრატიულმა ქვეყნებმა, მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება და ჯარისთვის სავალდებულო გახადა აცრა, იტალიამ გამოსცა ბრძანება და სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი გახადა…“, - განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მისი რეკომენდაცია არის სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს.

„ჩვენ ექიმები უნდა ვიყოთ მაგალითი. ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 82%-ია აცრილი. NCDC-შიც არ ვართ 100%-ით აცრილი. 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი. ასეც იქნება დარწმუნებული ვართ სექტემბრის ბოლომდე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საერთო ჯამში საქართველოში ექიმების 67%-ია აცრილი. თუმცა, ეს არ ეხება ზოგადად სამედიცინო პერსონალს, ვინაიდან ექთნებში და უმცროს სამედიცინო პერსონალში შედარებით დაბალია ეს მაჩვენებელი.

გარდა ამისა, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის 35% დაინფიცირდა.