მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-4 ახალი, მსხვილი ჰესის გარეშე ენერგოსისტემა ვერ იქნება მდგრადი - გიორგი კაკაურიძე

616034fd7aa7e
შოთა ტყეშელაშვილი
08.10.21 16:51
837
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემას სამომავლო მდგრადობის შენარჩუნებისთვის  3-4 ახალი, მსხვილი ჰიდროელექტროსადგური აუცილებლად ესაჭიროება. ამასთან, კაკაურიძის თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ ქვეყანაში ვერცერთი სისტემური მნიშვნელობის ახალი ჰიდროელექტროსადგური ვერ აშენდა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობამ ენერგეტიკაში ინვესტორთა წახალისების მიზნით, ახალი ფინანსური ინსტრუმენტი, Feed in Premium-ი შემოიღო, რის შედეგადაც ახალი ჰესებისთვის რეალიზებულ ენერგიაზე კილოვატზე 5.5 ცენტის ტარიფის გარანტირება მოხდება, საიდანაც მაქსიმუმ 1.5 ცენტს სახელმწიფო დაფარავს.

“ჰესები არცერთი არ ფინანსდება ბიუჯეტიდან. ჰესები არის კერძო ინვესტიცია, რომლისთვისაც შემოღებულია ე.წ. Feed in Premium ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ პროექტზე ფორმდება ხელშეკრულება და ჰესის მიერ გამომუშავებული დენი თუ გაიყიდა X ფასად, მაქსიმუმ 1.5 ცენტს დაუმატებს სახელმწიფო, კერძოდ, მთავრობა გარანტიას მისცემს, რომ კომპანია გაყიდულ ენერგიაზე 5.5 ცენტის შემოსავალს მიიღებს.

ENKA-ს რაც შეეხება, ამ პროექტის შედარება მცირე და საშუალო ჰესებთან არ შეიძლება.

Feed in Premium-ით 19-20 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო, თუმცა, რა თქმა უნდა, 3-4 ახალი სისტემური ჰესის გარეშე ალბათ ჩვენი ენერგოსისტემა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, ენერგოპროექტები აუცილებლად იქნება ასაშენებლი, თუმცა როგორც ხედავთ ძალიან ხშირად პრობლემები იქმნება, ხან მოსახლეობასთან, ხან სხვა ჯგუფეფბთან, ვერ გეტყვით... თუმცა შედეგად, ვერცერთი მსხვილი ჰესი, რომელსაც ქვეყნის მშპ-ის 3-4%-ის ზომის ინვესტიცია სჭირდება, ჯერ ვერ აშენდა. ერთადერთი რაც მახსოვს, მარტო BP-ის პროექტი განხორციელდა, ვინაიდან ის საერთოდ სხვა განზომილების პროექტი იყო. დანარჩენი ყოველთვის პრობლემურია. სახელმწიფოს ჩარევა და თანამომაწილეობა მნიშვნელოვანია, რიგ შემთხვევაში ბიუჯეტის მხარდაჭერით სხვა პრობლემების მოხსნისთვის", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ნამახვანჰესის ინვესტორმა, თურქულმა ენერგოგიგანტმა ENKA-მ სექტემბერში განაცხადა, რომ სახელშეკრულებლო პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წვყეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოყვა.

გაჩერებულია ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის პროექტიც. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად პროექტის “ინვესტორთან” Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის შეჩერებულია “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. სწორედ EIB-ის, ADB-ის და EBRD-ის სესხებია აუცილებელი, რათა პროექტი აშენდეს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შეიცვალა მემორანდუმის პირობები 200-მეგავატიან “ონის ჰესების კასკადის” ინვესტორთან. პროექტს ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდი” და კომპანია “ფერი” ახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ, “კომპანიამ სამი წლის ვადით დაიტოვა უფლება ააშენოს ან არ ააშენოს ონის კასკადი”- შესაბამისად, ამ პროექტის განხორციელების მკაფიო პირობაც არ არსებობს. ამჟამად ინვესტორი ონში ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად, ქარის ელექტროსადგურის აშენებასაც განიხილავს.