18.აგვისტო .2019 17:10

3 ფაქტორი, რამაც შეიძლება FDI-ის მოზიდვას ხელი შეუწყოს - დეპუტატის მოსაზრება

views 427
უკან

„ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ქვეყანაში დადებითი იყოს, სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ახლა უმთავრესია სამართლიანი სასამართლო სისტემა, შემდეგ ნაკლები რეგულაციები და დაბალი გადასახადები. თუმცა, სასამართლო არის უმთავრესი, იმიტომ, რომ ჩვენ ხაზარაძე-ჯაფარიძის ამბავმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი; აქ რა ინვესტიციებზე უნდა იყოს საუბარი?“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე განმარტებით, სიტუაციიდან გამოსავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია.

„იმდენად აქვს შერყეული ამ მთავრობას ნდობა, როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ინვესტორებთან, რომ მან სასამართლო სისტემის, ნაკლები რეგულაციების და დაბალი გადასახადების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა რომც დაიწყოს, მაინც არ ექნება ის ეფექტი, რაც ნდობის მქონე მთავრობის პირობებში ექნებოდა.

მე გამოსავალს უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში ვხედავ, როდესაც 2020 წელს პოლიტიკური გადატვირთვა მოხდება ანუ არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და ახალმა ხელისუფლებამ უკვე ამ სამი მიმართულებით უნდა დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი შანსი, რომ მოვიდეს ისევ ინვესტიციები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 %-ით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა