მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ფაქტორი, რატომაც ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანია - გიორგი პერტაიას მოსაზრება

5f8094f327973
თელარა გელანტია
10.10.20 13:15
1286
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას თქმით, ინვესტორთა საბჭოს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელსაც ბიზნესი ნორმალურად იყენებს, თუმცა შეიძლება, უკეთესადაც იქნას ათვისებული.

ამის შესახებ პერტაიამ bm.ge-ის ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის და ეფექტიანობის შეფასებისას განუცხადა.

„ინვესტორთა საბჭოს პლატფორმა ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ბიზნესმა ერთიანი პოზიცია მიაწოდოს მთავრობის თითოეულ წევრს. თავიდან, როცა საბჭო იქმნებოდა, როგორც - სხვებს, მეც მქონდა განცდა - რა საჭიროა ასეთი ტიპის საბჭო ქვეყანაში, სადაც არათუ - მინისტრების, არამედ პრემიერ-მინისტრის კარებიც ღიაა და მითუმეტეს მსხვილ ბიზნესს მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა ისედაც არ აქვს, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ეს პლატფორმა ბევრი მიმართულებით კარგი საშუალებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ფაქტობრივად, ერთადერთია საბჭოში, რომელიც უფრო მცირე და საშუალო ბიზნესის ხმას წარმოადგენს”, - ამბობს გიორგი პერტაია.

ინვესტორთა საბჭოს საჭიროებასა და მნიშვნელობაზე საუბრისას მან სამი მთავარი ფაქტორი გამოყო:

„პირველი - ბიზნეს-ასოციაციები, ვინც საბჭოში ვართ წარმოდგენილი, ძალიან ბევრ რამეზე ვთანხმდებით ერთმანეთთან და მეორე - შემდეგ უკვე მთავრობისთვისაც მარტივია გადაწყვეტილების მიღება. რას ვგულისხმობ ამაში - მაგალითად, როცა ერთი ბიზნესმენი ან ბიზნეს-გაერთინება რაღაც კონკრეტული საკითხის მოგვარების მიზნით მიდის მთავრობასთან, მას უჭირს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ამ საკითხის მოგვარება უკავშირდებოდეს კონკრეტული ბიზნეს-ჯგუფის ლობირებას და მთავრობა ამას ყოველთვის ამოწმებს; ნებისმიერი ბიზნესმენი რომ მიდის მთავრობასთან და სთხოვს რაღაცის გამარტივებას, იქ ყოველთვის სვამენ კითხვას - კი, ბატონო, ეს საკითხი კონკრეტულ ბიზნეს-ჯგუფს კი უმარტივებს საქმეს, მაგრამ სხვა ბიზნესმენები ხომ არ იჩაგრებიან ამით?! ხომ არ დაირღვევა კონკურენციის პრინციპი და ა.შ. აქედან გამომდინარე, როცა ყველა ერთად ვართ და ველაპარაკებით მთავრობას რაღაც პრობლემაზე, მას უკვე აქვს გარანტიები, რომ ეს ბიზნესის საერთო პოზიციაა და მარტივდება გადაწყვეტილების მიღებაც. მესამე ფაქტორი კი, რატომაც მცირე და საშუალო ბიზნესის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ინვესტორთა საბჭოს არსებობა, არის ის, რომ კარგად დავინახოთ, რა ტიპის პრობლემებზე ელაპარაკება მსხვილი ბიზნესი მთავრობას. იშვიათად, მაგრამ არის საკითხები, როცა მსხვილი ბიზნესი ითხოვს, მაგალითად, კონკრეტული რეგულაციის შემოღებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს პრობლემებს შეუქმნის... ასეთ სიტუაციებში სავაჭრო პალატა გამოდის წინააღმდეგ და კონსესუსურ გადაწყვეტილებამდე მივდივართ”, - აცხადებს გიორგი პერტაია.