მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3-მეტრიანი გებჟალია, 4-მეტრიანი ხაჭაპური - სამეგრელოში "ხაჭაპურის ფესტივალი" იმართება

5da314532b2e1
თელარა გელანტია
13.10.19 16:30
3466
19 ოქტომბერს სამეგრელოში, რუხის სავაჭრო ცენტრში „ხაჭაპურის ფესტივალი“ იმართება.

ხაჭაპურის ფესტივალი ერთდღიანი გასტრონომიული ღონისძიებაა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის (DMO) და USAID/Zrda-ს ორგანიზებით, ასევე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას და ტურიზმში ჩართული მხარეების/ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ღონისძიების მიზანია, ასევე, საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის - ხაჭაპურის - პოპულარიზაცია.

ხაჭაპურის ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხაჭაპურის საუკეთესო ოსტატების ჩართულობით, რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები.

ფესტივალზე ასევე გაიმართება ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები (გურამ ბაღდოშვილი, ესმა კუნჭულია, დალილა ცატავა, ბესიკ ჭითანავა), დამზადდება 3-მეტრიანი გებჟალია, 4-მეტრიანი ხაჭაპური მაყალზე, სადეგუსტაციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა, ხელნაკეთი ნივტები და სხვა), ხოლო საგამოფენო-გასაყიდ სივრცეში შესაძლებელი იქნება ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი პროდუქციის შეძენა (ყველი, თაფლი, ჩირი და ა.შ.).

ასევე გათვალისწინებულია ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით, ეთნო-მუსიკა (დღის განმავლობაში ანსამბლი ოდოია შეასრულებს სხვადასხვა ფოლკლორულ სიმღერას).

ღონისძიება სოფო ბათილაშვილის კონცერტით დასრულდება.

„ფესტივალი მოიზიდავს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს გამორჩეული და საინტერესო გასტრონომიული ღონისძიების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოყვარული და პროფესიონალი მზარეულები საქართველოს რეგიონებიდან და ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულები - დარგის ექსპერტები (აღიარებული მასტერ-შეფები, გასტრონომიის მოყვარულები და ა.შ.), რომლებიც ვიზიტორებისთვის უფასო მასტერ-კლასებს ჩაატარებენ“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.