მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾3 მილიარდამდე 100-ზე მეტი საგადასახადო შეღავათი, რომელთა გაუქმებაა მოსალოდნელი

63907a47ebbe3
თელარა გელანტია
07.12.22 23:55
19945
1. იმ პირის 3 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, რომელსაც მინიჭებული აქვს "ქართლის დედის" საპატიო წოდება, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. საგადასახადო შეღავათი ძალაშია 1997 წლიდან. მიზანი - სოციალური პოლიტიკა ოჯახების ხელშეწყობისთვის.

2. დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, 2011 წლიდან. მიზანი გარდაცვლილთა ოჯახების მხარდაჭერად ხარჯების შემცირებაში ხელშეწყობაა.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი 1997 წლიდან დღგ-სგან ათავისუფლებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნის მიწოდებას. მიზანი რწმენის წახალისებაა.

4. 2010 წლიდან სასტუმრო და ტურისტული სექტორის ინვესტორები გათავისუფლებულნი არიან დამატებული ღირებულების გადასახადისგან მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის ვადით. მიზანი ტურიზმის სექტორში ინვესტიციების მოზიდვაა და კანონი ძალაშია 2010 წლიდან.

5. 2010 წლიდან დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლებულია ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი. მიზანი: ფარმაცევტული პროდუქციის ღირებულების შემცირების სოციალური პოლიტიკა ბენეფიციარ(ებ)ი: პირები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტს ახორციელებენ.



ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ 100-ზე მეტი საგადასახადო შეღავათის, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეგხვდებათ და BMG-ის ყურადღებაც მიიქცია.

საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებული საგადასახადო დანახარჯების შესაკვეცად დაწყებული სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა - უკვე საჯაროა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საგადასახადო დანახარჯების დოკუმენტი, რომელიც 2018-2021 წლებში როგორც მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის დანახარჯების ანუ შეღავათების რაოდენობრივ შეფასებას მოიცავს.

საგადასახადო დანახარჯი არის მთავრობის პოლიტიკის შედეგი, რომელიც შესაძლოა მიზნად ისახავდეს ბიზნესის მხარდაჭერასა თუ სოციალური შედეგის მიღებას. ეს არის მოსახლეობის დანახარჯი იმ ბენეფიციარების სასარგებლოდ, ვისზეც ვრცელდება საგადასახადო შეღავათები, ვინაიდან ის იწვევს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შემცირებას.

ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, 2 მლრდ 759 მლნ ლარი ის თანხაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა არსებული საგადასახადო დანახარჯების გამო შარშან ვერ მიიღო, 2020 წელს ეს თანხა 2.5 მილიარდი იყო, 2019 წელს - 2.8 მლრდ ლარს შეადგენდა ანუ ეს საგადასახადო შეღავათები საერთოდ რომ არ იყოს, ბიუჯეტში ამდენი მილიარდის დამატებითი შემოსავალი გაჩნდებოდა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითვე, 2021 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის საგადასახადო დანახარჯებმა მთლიანი საგადასახადო შეღავათების 90% შეადგინა, დარჩენილი 10% კი, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების საგადასახადო დანახარჯებს ეკუთვნის.

როგორც BMG-სთან ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, საგადასახადო შეღავათები, ძირითადად, კონცენტრირებულია ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და განათლებაში.

“ხშირად ხდება, რომ შეღავათი თითქოს სოციალური ეფექტის მატარებელია, თუმცა შეძლებული ხალხი იყენებს ამ შეღავათს,” - ამბობს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე BMG-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, არაერთ შემთხვევაში, შეღავათებით მდიდარი კორპორაციებიც სარგებლობენ.

“საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაა, 2.7 მილიარდი ლარია, ეს მშპ-ის, დაახლოებით, 4.4%-ია. გავაანალიზეთ ყველაზე მსხვილი მიმართულებები, რაც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, რაც არის, დაახლოებით, მთელი დანახარჯის ნახევარი. ასევე ძალიან დიდი წილია სხვა სექტორებთან დაკავშირებულ შეღავათებზეც, მათ შორის ირიბად ვაჭრობასაც.
შემდგომი დონე იქნება, რომ თითოეული სექტორის ჭრილში შევაფასებთ რამდენად ეფექტიანია კონკურენტული საგადასახადო შეღავათი ხარჯ-სარგებლის მიხედვით. ასევე განვიხილავთ ამ შეღავათის მიზანს. ეს არის სოციალური მიზანი, თუ ეკონომიკის ხელშეწყობა.

ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეღავათი თითქოს სოციალური ეფექტის მატარებელია და უფრო ხშირად, შეძლებული ხალხი იყენებს ამ შეღავათს ან შეძლებული კომპანიები იყენებენ ამ შეღავათს.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, მთელ მსოფლიოშია ასეთი პრაქტიკა დანახარჯების გამოყენების, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილია თუკი, რომელიმე პროგრამის დახმარება გვინდა, მაშინ მისი მიზნობრივი სუბსიდირება გაკეთდეს და არა ის, რომ ყველასთვის იყოს შეღავათი,” - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

საგადასახადო შეღავათების რევიზიას მიესალმება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძეც, რომლის თქმითაც, ხშირად შეღავათები ღარიბებისთვის წესდება, მაგრამ უფრო მეტად მდიდრები სარგებლობენ. ამის მაგალითად პარლამენტარს სამკურნალო მიზნისთვის განკუთვნილი საქონლის თუ რიგი ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება მოჰყავს.

„ზოგადად, საგადასახადო შეღავათი არის დახმარება ღარიბებისთვის, რომლითაც სარგებლობენ მდიდრები. მაგალითად, მედიკამენტების უდიდეს ნაწილს ყიდულობენ შემოსავლიანი ადამიანები, რადგან საჭიროების შემთხვევაში, ამის საშუალება აქვთ და არა ღარიბები და პენსიონერები. ამდენად, სინამდვილეში ეს დახმარება მდიდრებისთვის არის, ოღონდ შეფუთულია ღარიბების მხარდაჭერად;

ამდენად, საგადასახადო შეღავათების რევიზიის და გარკვეული ნაწილის გაუქმების შედეგად, შეიძლება ძალიან დიდი თანხა გამოთავისუფლდეს და დამატებითი შემოსავალი გაჩნდეს ბიუჯეტში. ამდენად, როცა ვამბობთ, რომ რაღაც საგადასახადო შეღავათი უნდა გაუქმდეს, სწორია, ოღონდ საინტერესოა, რითი ჩანაცვლდება ის. სოციალური კომპენსაციები უნდა იყოს მიზნობრივი და ყოველთვის უნდა იყოს ფულადი. ამას სჭირდება როგორც კარგი დათვლა, ისე კარგი ადმინისტრირება“, - ამბობს დეპუტატი რომან გოცირიძე.

ცნობისთვის: საგადასახადო შეღავათების გადახედვა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წელს, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დააანონსა.