15.მაისი .2021 18:07

3 მლნ ლარის ინვესტიციით თელავში ახალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა იწყება

3 მლნ ლარის ინვესტიციით თელავში ახალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა იწყება
views 613
უკან

ქართული ნატურალური წვენების "ალალის" მწარმოებელი კომპანია "აჩინებულის" დამფუძნებლის, გოჩა ღვინეფაძის ინფორმაციით, ზაფხულში თელავში ახალი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაიწყება.

ღვინეფაძე bm.ge-ს ასევე უყვება იმის შესახებ, რომ იგეგმება ცოცხალი, დაჭრილი ხილის გამოშვებაც, როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტი ბაზრისთვის.

"ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას, იგულისხმება დანადგარის დამატება, რომელიც ხილის დაჭრისთვის გამოიყენება. ეს იქნება ფრეშ-ხილი, რომელიც შეკვრით გაიყიდება, ხოლო დასაჭრელად გამოუსადეგარი ხილისგან უკვე წვენები ჩამოისხმება. გარდა ამისა, ვგეგმავთ სამაცივრე მეურნეობის აშენებას.

ახლა ამ მხრივ ძალიან გვიჭირს, ვაკეთებთ მარაგებს, თუმცა სამაცივრე მეურნეობის არქონის გამო გვაქვს პრობლემები, ხან გვაკლდება ხილი, ხან ნაშთი გვაქვს და ა.შ. რაც შეეხება ინვესტიციას, ვფიქრობთ, ფრეშ-ხილის წარმოებისთვის ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით მილიონ 370 ათას ლარს შეადგენს, ხოლო სამაცივრე მეურნეობისთვის მილიონ 250 ათას ლარს", - განაცხადა ღვინეფაძემ.

მისი ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობის აშენება სავარაუდოდ ივლისის ბოლოს დაიწყება და მომავალ წელს უკვე ახალი საწარმო მზად იქნება.

ღვინეფაძის ინფორმაციით, ინვესტიცია არის როგორც თავად კომპანიის, ისე საბანკო კრედიტი, გარდა ამისა, პროექტის განხორციელებაში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და USAID მონაწილეობენ.