16.ივნისი .2021 00:12

3 თვე ვაქცინაციის დაწყებიდან - საქართველოს შედეგები

3 თვე ვაქცინაციის დაწყებიდან - საქართველოს შედეგები
views 724
უკან

3 თვის წინ ანუ 15 მარტს საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინების პირველმა დოზებმა, რომელთაც საქართველო ჯერ კიდევ თებერვალში ელოდა, თითქმის ერთი თვით დაიგვიანა.

საქართველომ ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის მთავარი ფსონი COVAX პლატფორმაზე დადო - როგორც დრომ აჩვენა, ეს მცდარი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან ქვეყნებმა, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში იმავე ჩინურ მწარმოებლებთან გააფორმეს ხელშეკრულებები, რომლითაც აცრა ამჟამად საქართველოშიც მიმდინარეობს, ვაქცინები ბევრად უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე მათ ამ პარტიას COVAX-ი მიაწვდიდა.

მას შემდეგ 3 თვე გავიდა; ამ პერიოდის განმავლობაში სულ 212,163 აცრა გაკეთდა, მათ შორის 69,197 ადამიანი ორჯერადად აიცრა, ეს ნიშნავს, რომ ერთჯერადი დოზით მაინც მოსახლეობის 5.7% არის აცრილი, ორჯერადად კი მოსახლეობის მხოლოდ 1.85%.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ივლის-ოქტომბრის პერიოდში საქართველო 3.2 მილიონ დოზა ვაქცინას ელოდება. ეს იქნება Pfizer-ის, Novavax-ის, Sinopharm-ის, SinoVac-ის, Johnson & Johnson-ის ვაქცინები. თუმცა, გაბუნია ვაქცინების ჩამოსვლის კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

რეგიონების ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგები ასეთია:

● აზერბაიჯანი - გაკეთებულია 2,775,641 დოზა ვაქცინა, რაც ერთი დოზით მაინც მოსახლეობის 18%-ს ფარავს, ამასთან ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 9.7%. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაცია CoronaVac-ით, Sputnik V-ით და AstraZeneca-თი მიმდინარეობს;
● სომხეთი - გაკეთებულია 55,557 დოზა ვაქცინა, რაც ერთი დოზით მაინც მოსახლეობის 1.6%-ს ფარავს, ამასთან ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 0.3%. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაცია ძირითადად CoronaVac-ით, Sputnik V-ით და AstraZeneca-თი მიმდინარეობს;
● თურქეთი - Bloomberg-ის მონაცემებით, გაკეთებულია 34,577,902 დოზა ვაქცინა, რაც ერთი დოზით მაინც მოსახლეობის 25%-ს ფარავს, ამასთან ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 16.6%. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინაცია ძირითადად CoronaVac-ით და Pfizer-ით მიმდინარეობს;
● რუსეთი - Bloomberg-ის მონაცემებით, გაკეთებულია 33,000,000 დოზა ვაქცინა, რაც ერთი დოზით მაინც მოსახლეობის 12.3%-ს ფარავს, ამასთან ორჯერადად აცრილია მოსახლეობის 10.2%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა