მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 წელიწადში საქართველოში 4000 ტონა მოცვის მოყვანა იქნება შესაძლებელი - GeorgianBlue

609fef2fa444c
თამთა ჯიჯავაძე
16.05.21 09:10
2706
მოცვზე ყველაზე დიდი მოთხოვნა არის სპარსეთის ყურის, ევროპის და ყოფილ დსთ-ს ქვეყნებში, - ამის შესახებ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა მარგალიტაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ამ სამი მიმართულებით აქტიურად იმუშავოს.

„ესპანელ მწარმოებელთან შედარებით, მაგალითად სპარსეთის ყურის რეგიონისთვის მიწოდებაზე ჩვენ უპირატესობა გვაქვს. ასევე აზიის მწარმოებლებიდან ევროპისთვის მიწოდება ჩვენ უფრო შეგვიძლია. ევროპას კი უფრო მეტი მოთხოვნა აქვს, ვიდრე წარმოება“, - განაცხადა შოთა მარგალიტაძემ.

GeorgianBlue-ის გენერალურმა დირექტორმა რატი მორჩილაძემ კი დასძინა, რომ ამ სამი ბაზრის გარდა, არიან სხვა ბაზრებიც, რომლებიც ასევე პერსპექტიულია საქართველოსთვის, თუმცა, მათთვის მიწოდება გარკვეულ ლოგისტიკურ პრობლემებს უკავშირდება.

„არის აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, მაგალითად მალაიზია, რომელიც ძალიან საინტერესო ქვეყანაა და სადაც მოცვზე არის მოთხოვნა, მაგრამ ლოგისტიკური სირთულეები არსებობს. მიწოდების ერთადერთი ვარიანტი არის საჰაერო გზა, რაც ძვირი ჯდება“, - აღნიშნა რატი მორჩილაძემ და იმედი გამოთქვა, რომ რამდენიმე წელში ლოგისტიკური სირთულეები მოგვარდება და ქათულ მოცვს გასვლის შესაძლებლობა ამ ბაზრებზეც  ექნება.

გარდა ამისა, GeorgianBlue-ს აღმასრულებელმა და გენერალურმა დირექტორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მოცვის წარმოება იზრდება და შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 4000 ტონა მოცვის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

„შარშან საქართველომ 700 ტონა ლურჯი მოცვი აწარმოა. წელს მოსალოდნელია 1500 ტონამდე მოსავალი. ჩვენი წარმადობა კი დაახლოებით 600 ტონაა“, - აღნიშნა რატი მორჩილაძემ.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოდან მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის მიუხედავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზებული 667.7 ტონა ახალი შტოშის, მოცვის და Vaccinium გვარის სხვა კენკრის ღირებულებამ 3.8 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად გასულ წელს მოცვის რეალიზაციით საქართველომ 288.7%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ლურჯი მოცვის ექსპორტი კი 2020 წელს საქართველოდან შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი (3.5 მლნ დოლარი); სომხეთი (78.2 ათასი დოლარი); არაბთა გაერთიანებული საამიროები (57.5 ათასი დოლარი); პოლონეთი (54,0 ათასი დოლარი); უკრაინა (23.1 ათასი დოლარი) და ყატარი (16.8 ათასი დოლარი).