მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

30 წელი ვერ მოვახერხეთ, რომ ქვეყანა ევროპული სტანდარტებისთვის მიგვეახლოვებინა - ჯაფარიძე

6087db950ea63
ინგა მურუსიძე
27.04.21 13:46
697
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, "საქართველოს ევროპელი მეგობრები მზად არიან, მხარი დაგვიჭირონ, რათა საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის".

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ 30 წელი გავიდა ამ დარბაზში არ ვყოფილვარ. მაშინ ვიყავი უზენაესი საბჭოს წევრი. ამ 30 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ჩვენ ყველა გამოწვევა დაგვრჩა სახელმწიფოში, რომლის გადალახვაც თავისუფლად შეგვეძლო ამ პერიოდის განმავლობაში. კვლავ ბატონობს სიძულვილი, დაპირისპირება, სიღატაკე, უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ და პოლიტიკურმა კლასმა, რომ ქვეყანა მიეახლოვებინა ევროპული სტანდარტებისთვის. ახლა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მიერ, მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ შევუერთდით, ჩვენს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, აუცილებელია, ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ ამერიკელმა და ევროპელ მეგობრებმა დაინახონ, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას.

ჯაფარიძის განცხადებით, აუცილებელია, დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე და საზოგადოება გაერთიანდეს.

„ჩვენ ვნახეთ ბრიუსელში შეხვედრების დროს, ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიაში, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები მზად არიან მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას, იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. მათი მხრიდან გაჟღერებული იქნა ინიციატივა, ევროკავშირმა შემოიღოს საგზაო რუკა, ევროკავშირის მსურველი ქვეყნებისათვის. საქართველო შესაძლოა იყოს ამ საგზაო რუკის კანდიდატი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული კანონმდებლობის პირობებში. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგად არჩეულ პარლამენტს ექნება ყველა უფლება მიმართოს ევროკავშირს განაცხადით, საქართველოს წევრობის კანდიდატის მიღების თაობაზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.