მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„30 წლის მანძილზე ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია“ - ჭუმბურიძე

62792c7a7428e
თელარა გელანტია
10.05.22 09:45
743
„ბიზნესი ხომ საზოგადოების ნაწილია და 30 წლის მანძილზე ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია“, - ასე უპასუხა საქართველო-ევროკავშირის ბიზნესაბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც საქართველოს ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გზებს შეეხებოდა.

„გასაგებია, რომ მთავრობა ვერ უკარნახებს კერძო სექტორს, სად გაიტანოს ექსპორტზე თავისი პროდუქცია, მაგრამ უნდა იყოს თუ არა უფრო თამამი თავის განცხადებებში და როგორ შეიძლება, ხელი შეუწყოს ექსპორტიორებს ბაზრის დივერსიფიკაციაში“ - ვკითხეთ სანდრო ჭუმბურიძეს.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ რუსეთში ექსპორტით 110 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ჩვენი ქვეყნის ექსპორტში ჩრდილოელი მეზობლის წილმა 9.4% შეადგინა. შედეგად, წლის პირველ კვარტალში რუსეთი საქართველოს #3 საექსპორტო ბაზარი იყო, ჩინეთის და თურქეთის შემდეგ. აღსანიშნია, რომ ომს და სანქციებს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობაზე ნეგატიური გავლენა ჯერ არ მოუხდენია და I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა.

“ბიზნესი ხომ საზოგადოების ნაწილია და 30 წლის მანძილზე ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყანასთან <რუსეთთან> თანამშორმლობა წარმოუდგენელია. კიევის რუსეთმა ვერ ითანამშრომლა და ხედავთ, რა დღეშია უკრაინა და ჩვენ რა პრეტენზია უნდა გვქონდეს?!

მთავრობის დანიშნულება რა არის?! - ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების სწორი კომუნიკაცია და კოორდინაცია. ბიზნესს ვერ მოსთხოვს მთავრობა, რომელი ქვეყანა აირჩიოს საექსპორტო ბაზრად, მაგრამ ხომ შეიძლება, იმ კომპანიებისთვის, ვინც ევროპის ბაზარზე გადიან ან აპირებენ, იყოს გარკვეული უპირატესობები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რაც ბიზნესს წაახალისებს?! რატომაც არა?! ჩვენ ხომ არაორდინალურ ვითარებაში ვართ?!

ნუ გვავიწყდება, რომ უკრაინა ომშია, მაგრამ ჩვენ 200 წელია პრობლემა გვაქვს რუსეთთან, ამიტომ მეტი მომზადება სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც წყვეტს სახელმწიფოს ბედს, რადგან გვჭირდება მაღალი დონის პროფესიონალები“, - აცხადებს სანდრო ჭუმბურიძე.