მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

300%-იანი ზრდა, გაორმაგებული გაყიდვები - რა შედეგებით დაასრულა „ჟუჟუნამ“ 2022 წელი?

63c15e34b5d0e
თინათინ ნატმელაძე
15.01.23 12:00
1092
ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანია „ჟუჟუნა“ BM.GE-თან გასულ წელს აჯამებს და როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვასკა ჩუბინიძე აღნიშნავს, 2022 წელი 300%-იანი ზრდით, გაორმაგებული გაყიდვებით და გაფართოებული საექსპორტო ბაზრებით დაასრულეს.

„ძალიან დიდი ზრდა გვქონდა. ზაფხულში ახალი პროდუქტი "როზე" გამოვუშვით, რომელიც წარმატებულად რეალიზდა როგორც საქართველოში, ისე ექსპორტზეც.

პირველად გავედით ევროპულ საექსპორტო ბაზარზე - სულ ცოტა ხნის წინ ლატვიაში 7 000 ბოთლი ღვინო გავგზავნეთ.

ასევე, ადგილობრივ ბაზარზე იმ რითეილ და ჰორეკა სექტორების რაოდენობა გაიზარდა, რომელსაც ჩვენი პროდუქციით ვამარაგებთ, ამჟამად „ჟუჟუნა“ 100-მდე კვების ობიექტსა და 300-ზე მეტ საცალო გაყიდვის ობიექტშია წარმოდგენილი. საერთო ჯამში, 300%-იანი ზრდა გვქონდა“, - განაცხადა ვასკა ჩუბინიძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, რომელსაც კომპანია 2022 წელს წააწყდა, როგორც "ჟუჟუნას" თანადამფუძნებელი გვიყვება, მთავარი სირთულე წარმადობის გაზრდა იყო.

„ამ ეტაპზე იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა, ვერ ვაწარმოებთ, თუმცა ამ საკითხის მოგვარებაზე აქტიურად ვმუშაობთ, გვაქვს კონკრეტული გეგმაც, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვერ დავასახელებთ.

ცხადია, სირთულეები შეგვიქმნა უკრაინაში მიმდინარე ომმაც, ეს ემოციურადაც მძიმე იყო ჩვენთვის და ასევე, ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, რომელიც, ბუნებრივია შეჩერდა“, - განმარტავს „ჟუჟუნას“ თანადამფუძნებელი.

ცქრიალა ღვინის მწარმოებელ კომპანიას 2023 წლის გეგმებიც გაწერილი აქვს, რომელშიც პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე შესვლა, ახალი პროდუქტის წარმოების დაწყება და ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტ ობიექტში გამოჩენა შედის.

ვასკა ჩუბინიძის ცნობით, „ჟუჟუნამ“ 2022 წელს 220 000 ბოთლი ღვინო აწარმოა, რომელთა რეალიზაციის 20%-ს ექსპორტი შეადგენს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კომპანია ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, ამჟამად 15 ადამიანს ასაქმებს და მისი წარმოებული ერთი ბოთლი ღვინის საფასური 4.90-5.50 ლარს შორის მერყეობს, ასევე ორი წელია ექსპორტზე ჩინეთსა და იაპონიაში გადის.