მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

318 503 ლარის ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტი გამოვლინდა - დაკავებულია 1 პირი

610a303a6d39c
ინგა მურუსიძე
04.08.21 10:13
648
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს, ხოლო ბრალდებულის სახით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში წერია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფ 10-მდე კომპანიის სახელით, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა ურთიერთშორის განახორციელეს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდება, რა გზითაც მათსავე კომპანიებს შეუქმნეს ჯამში 318 503 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რაც შემდგომში გამოიყენეს კომპანიების საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.

„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.