მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$3.5 მლნ-იანი ინვესტიციით ბაკურიანში ახალი სასტუმრო "კომორები" გაიხსნა

5e1c21c2f17e0
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.20 12:00
5006
ბაკურიანში, კოხტა გორას ძირში 77-ნომრიანი სასტუმრო „კომორები“ გაიხსნა. სასტუმროში 3.5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალი სასტუმროს მფლობელები თამარ უსანეთაშვილი და ლიალია შონია არიან.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას სასტუმრო „კომორების“ გენერალურმა დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, „სასტუმრო ყველა სეზონზე იქნება მორგებული“.

ამჟამად და მიმიდნარე წლის განმავლობაში სასტუმროში ერთი ღამე, 2-კაციანი ნომრის ღირებულება, კვებით 60-დან 80 დოლარამდე იქნება.

„სასტუმროს აქვს თავისი ტურები, ჰყავს ტრენერები თხილამურების სწავლის მსურველთათვის; სასტუმრო მდებარეობს კოხტაგორის ძირში, ფაქტობრივად, ტყეში, რაც დამსვენებლისთვის სიმშვიდეს და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს. არანაირი ქაოსი, რაც ბაკურიანს ახასიათებს, აქ არ აღწევს. ცენტრალურ სასრიალომდე ფეხით სავალი 100 მეტრია და აქედან ხდება ქვემოთ ჩასრიალება საბაგიროს ძირში, ხოლო ზემოდან შეგილიათ თხილამურებით მოხვიდეთ სასტუმრომდე.

ბავშვებისთვისაც იდეალური მდებარეობაა, მშობლებისთვისაც იდეალურია. გვაქვს სათამაშო ოთახი, გვყვავს ძიძა, რომელსაც შეგიძლიათ ბავშვი დაუტოვოთ. ზაფხულისთვის ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი დატვირთვა გვექნება, იმიტომ რომ სასტუმრო ტყეშია განთავსებული და ტყეში გვაქვს სათამაშო ატრაქციები ბავშვებისთვის და არის ნაძვნარი, რაც ამ ბოლო დროს ბაკურიანშიც სანატრელი გახდა”, - ამბობს „კომორების“ დირექტორი.

მისივე თქმით, გაზაფხულისთვის სასტუმროში საკონფერენციო დარბაზის და საუნას მოწყობა დასრულდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს მენეჯმენტი ტურისტების მოსაზიდად აპირებს, აქტიურად იმუშაოს უცხოურ ბაზრებზეც.

„გვსურს, საქართველოს ბაზარზე ჩვენი ნიშა გვქონდეს. ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობით ტურისტულ ჯგუფებთან ურთიერთობა გვინდა და „კომორები“ ქართველების გარდა უცხოელებისთვისაც საყვარელი ადგილი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ისრაელის ბაზარზე, უკრაინის ბაზარზე, ყაზახეთსა და ტრადიციული ბაზრებზე, რომლებიც ჩვენთან ახლოსაა. ვგულისხმობ სომხეთს და აზერბაიჯანს. იმედი გვაქვს, რომ თანდათან ეტაპობრივად დავიტვირთებით და დავეწევით სეზონს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.