მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას ჩვენი აქტივობის საშუალებით" - თორნიკე ზირაქიშვილი

5e1f5abd8e9ef
BM.GE
15.01.20 23:18
1809
ჩვენ შევისწავლეთ დაახლოებით 60 სხვადასხვა სექტორი, რათა აღმოგვეჩინა საქართველოსთვის ყველაზე მეტად მისაღები და საინტერესო სექტორები, სადაც შეიძლება ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს, - ამის შესახებ “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ საინვესტიციო სააგენტოს გეგმებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მომავალი ორი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო სააგენტოს მუშაობის თვალსაზრისით.

„მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შედეგი 225 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვის თვალსაზრისით. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, 3500-ზე მეტი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ჩვენი პირდაპირი აქტივობის საშუალებით. ჩვენ გადავდივართ ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც შეიძლება კაპიტალური ტევადობით არ გამოირჩეოდეს, თუმცა დასაქმების მაჩვენებლით, ტექნოლოგიების გადმოტანის საშუალებით და ექსპორტზე ორიენტირებულობის საშუალებით იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. ამასთან უკვე არის კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ახალ მიმართულებებს, როგორიც არის ე.წ „ლოქეიშენ ედვაიზერებთან“ მუშაობა, რომლებიც დაგვეხმარებიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში.. საქართველოს რეიტინგების გაუმჯობესების თვალსაზრისით სხვადასხვა სექტორებში... ამასთან, დაგეგმილია 15-ზე მეტ ღონისძიებაში მონაწილეობა მხოლოდ ამ წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საინტერესო სექტორების კუთხით ფოკუსირება გაკეთდა ტურიზმის და სასტუმროების მიმართულებაზე. ასევე პრიორიტეტად განისაზღვრა BPO - იგივე ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულება.

„წარმოების თვალსაზრისით არის პრიორიტეტული ავტონაწილების, თვითმფრინავების ნაწილების და ელექტრონაწარმის ნაწილების წარმოების მიმართულება. ჩვენ ვფიქრობთ და საერთაშორისოდ მიღებულია, რომ ეს სექტორები ქმნიან ყველაზე მეტ სამუშაო ადგილებს, ასევე ხდება ამ სექტორებში შემოსვლის დროს ტექნოლოგიური და ცოდნის გადმოტანა ადგილობრივ გაზარზე. ამასთან ერთად ყველა არის ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულება, რაც სამივე კომპონენტში არის სრულიად თავსებადი იმ ეკონომიკურ გეგმასთან, რაც ქვეყანას გააჩნია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

არსებულ სექტორებში, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, თითქმის ყველაში გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, სტრატეგიის წერის ფარგლებში ჩვენ უკვე ინტენსიურად დავიწყეთ აქტივობები, რომ დრო არ დაგვეკარგა და კომუნიკაცია გვქონოდა ინვესტორებთან. დღეისათვის კონკრეტული კომპანიის დასახელება სამწუხაროდ არ შემიძლია, რადგანაც კონფიდენციალური ინფორმაციაა. თუმცა, თითქმის ყველა სფეროში უკვე კონკრეტულ ინვესტორებს ვესაუბრებით“, - აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ბევრი კომპანია, რომელთანაც არის მოლაპარაკებები, დაფუძნებულია ევროპაში და ამერიკაში, რადგანაც ტექნოლოგიური და სხვა თვალსაზრითი ისინი მოწინავე პოზიციებზე არიან.

ამასთან, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება თითქმის 15 ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება 400 სხვადასხვა კომპანიის იდენტიფიცირება, რომელთანაც იგეგმება შეხვედრა.

„ვფიქრობ ამ წლის გამავლობაში 200-ზე მეტ მათგანს შეხვდებით, რათა მოვახდინოთ მათთვის საქართველოს პოტენციალის წარდგენა და მათი მოწვევა საქართველოში, რომ მათ უკეთ გაიცნონ საქართველოს პოტენციალი“, - განაცხადა თორნიკე ზირაქიშვილმა.