15.აგვისტო .2019 12:15

373 ლარი, საქსტატის დათვლით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია

views 3389
უკან

დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებლები განაახლა. ახალი კალკულაციის მიხედვით, ივლისში ცხოვრების ღირებულებამ წინა თვესთან შედარებით მცირედით იკლო. შემცირდა ყველა კატეგორიის საარსებო მინიმუმი, მათ შორის, 1.8 ლარით, 373 ლარამდე შემცირდა ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი. 

ოფიციალური მეთოდოლოგიის თანახმად, ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ოჯახმა 30 დღის განმავლობაში ყველა ძირითადი ხარჯი გაისტუმროს და ამასთანავე, თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღოს ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.


ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 331 ლარსა და 50 თეთრს, სამსულიანის - 298 ლარსა და 40 თეთრს, ორი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიური საარსებო მინიმუმი კი, თვეში 265 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო.

საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

  • პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
  • ლობიო - თვეში 600 გრამი;
  • ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
  • მაკარონი - თვეში 450 გრამი;
  • ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
  • ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
  • ძეხვი - თვეში 300 გრამი;
  • კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
  • კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
  • მაწონი - თვეში 750 გრამი
  • სრული რაციონი იხილეთ  ბმულზე

    საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა.


რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”?

დავუშვათ, რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს.

2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, დღეს კი, სუპერმარკეტებში ფასზე ვაჭრობის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს.

რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან?

სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს  0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის  მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი, გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.

საარსებო მინიმუმის დათვლის საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია, 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%.

რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ასევე, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა