19.მარტი .2020 13:58

39 ინფიცირებულიდან პნევმონია 12-ს აღენიშნება - ამირან გამყრელიძე

views 240
უკან

39 ინფიცირებულიდან პნევმონია 12-ს აღენიშნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღემდე საქართველოში ლაბორატორიულად შესწავლილი შესაძლო 981 შემთხვევიდან დადასტურებული მხოლოდ 40 შემთხვევაა. ხოლო ინფიცირებულებთან კონტაქტის გამოსავლენად კვლევის ფარგლებში 238 ადამიანს ჩაუტარდა კვლევა და 10 000-ზე მეტი ზარი განხორციელდა.

„30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა და აქედან ლაბორატორიულად დადასტურდა მხოლოდ 40. ყველა ეს ინფიცირებული კლინიცისტების ერთობლივი გადაწყვეტილებით 2 კვირა კიდევ იქნება თვითიზოლაციაში. დანარჩენები მოთავსებული არიან სხვადასხვა საავადმყოფოებში: 1 - ბათუმის ინფექციურში, 3 - საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციურ განყოფილებაში, 2 - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და დანარჩენი 33 არის თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მათი კლინიკური მენეჯმენტი მიმდინარეობს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით შექმნილი კლინიკური მართვის ჯგუფით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

დილის მონაცემებით ამ 39 ადამიანიდან პნევმონია აქვს 12-ს, უფრო მეტად საყურადღებოა 3 ადამიანი, მათ შორის 2 ხანდაზმული და მათზე მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები.

კონტაქტების დადგენის მიზნით, დღემდე ჩატარებულია 238 კონტაქტის ჩაღრმავებული კვლევა და განხორციელებულია მათზე დაახლოებით 10 000 სატელეფონო ზარი, რათა მოხდეს მეტი სავარაუდო კონტაქტის მოძიება და პრევენციული ზომების გატარება.

კარანტინში დღეისთვის იმყოფება 1 344 ადამიანი და თვითიზოლაციაში 1 446 და დღეისთვის 197 უკვე გავიდა თვითიზოლაციიდან. ანუ მათ გაუვიდათ ის 2-კვირიანი ვადა, რაც ნიშნავს რომ ისინი ჯანმრთელები არიან და დაუბრუნდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას.

ინფიცირებული შემთხვევებიდან 2 ირანში მოგზაურობასთან არის დაკავშირებული, 1 ესპანეთთან, 3 გარკვეულწილად საფრანგეთთან, ხოლო დანარჩენი ისტორია ყველასი უკავშირდება იტალიას. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს ჩვენი მოქალაქეების მონიტორინგს, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ძირითადად ევროპულ ქვეყნებში სადაც კორონავირუსული ეპიდსიტუაცია საკმაოდ მძიმეა. მიმდინარეობს დაკვირვება და საავადმყოფოებშია მოთავსებული დაახლოებით 20-მდე ჩვენი საქართველოს მოქალაქე, ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება და ამის ინფორმაცია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

დღეიდან იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შედგეს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ეპიდემიოლოგებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რათა შედგეს მყარი კომუნიკაცია ჩვენსა და საქართველოს მოქალაქეებსა და ასევე უცხოელ კოლეგებს შორის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა