მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3D პრინტერი კორონავირუსის წინააღმდეგ

5e8b75f11c057
მარიამ ადამია
07.04.20 00:15
2958
პანდემია და მსოფლიო კრიზისი, ზოგიერთი სტარტაპისთვის, შესაძლოა წარმატებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი საწყისი გახდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც 3D პრინტერის მიმართულებით სპეციალიზირდება. ანუ იმ დროს, როდესაც კორონავირუსთან საბრძოლველ აღჭურვილობაზე მოთხოვნა დიდია და ხშირად არასაკმარისი, 21–ე საუკუნის პრინტერს შეუძლია ერთ დღეში დაამზადოს საჭირო აღჭურვილობა და მოამარაგოს სამედიცინო პერსონალი.

მაგალითად, სტარტაპ-კომპანია Carbon-ის დამფუძნებლებმა, გადაწყვიტეს, რომ სასუნთქი აპარატებიდან სამედიცინო ნიღბებამდე, ყველაფერი რისი დეფიციტიც არის დღეს მსოფლიო პანდემიის პირობებში, შეავსონ 3D პრინტერითა და მათი უნიკალური ტექნოლოგიით. შედეგად შექმნეს სახის ფარები და ტესტირებისთვის გააგზავნეს სტენფორდის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ამავდროულად, დიზაინერებმა დაიწყეს სპეციალურ ტამპონებზე მუშაობა, რაც ასევე არ არის საკმარისი სამედიცინო დაწესებულებებში და რის გამოც, არ ტარდება საკმარისი რაოდენობის ტესტები COVID-19– ის წინააღმდეგ. მარეგულერებლებმა სტარტაპს დართეს პროდუქტის მასობრივი წარმოების ნებართვა, ამიტომაც დამცავი ეკრანების გაგზავნა სხვადასხვა ქვეყნის საავადმყოფოში დაიწყეს.

გარდა ამისა, კორნელის უნივერსიტეტის კომპიუტერული და ელექტროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტინ პეტერსენმა, კამპუსზე არსებული 3D პრინტერები ითხოვა და მოხალისეებთან, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დამცავი აღჭურვილობის წარმოება დაიწყო. პეტერსენის თქმით, საბოლოო ჯამში, მისი გუნდის განკარგულებაში 106 პრინტერი აღმოჩნდა.

პროექტში უნივერსიტეტის არქიტექტურის, ხელოვნების და დაგეგმარების დეპარტამენტების სტუდენტებიც ჩაერთვნენ. სამუშაო ბევრი იყო იმიტომ, რომ ნიუ-იორკში, სამედიცინო პერსონალი დღეში დაახლოებით 50 000 პლასტმასის ნიღაბს საჭიროებდა. "ვიზორები," ანუ სახის დამცავები სამედიცინო პერსონალის სახის არეს ვირუსის მოხვედრისგან იცავს. ბევრი სტუდენტი, რომელიც დაცარიებულ კამპუსში იყო დარჩენილი, სადაც გადაადგილება შეზღუდულია და ონლაინ სწავლება მიმდინარეობს, ამ ტიპის ნიღბების წარმოებას სახლიდან გაუსვლელადაც ახერხებს.

ასევე, 3D პრინტერის დახმარებით, სამედიცინო აღჭურვილობისთვის საჭირო მასალების წარმოების მზაობა გამოთქვა, Mercedes-Benz-მაც, ხოლო Ferrari და Rols-Royce, ხელოვნური სუნთქვის აპარატების წარმოებაზე გადაერთვნენ.

ექსპერტების შეფასებით, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 47,000 სამრეწველო 3D პრინტერია. მათი უმეტესობა, COVID-19- ის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიძლება გამოიყენონ, რადგან ახლა აეროკოსმოსურმა კომპანიებმა, ავტომობილების მწარმოებლებმა და სხვა საწარმოებმა, რომლებიც ჩვეულებრივ იყენებენ 3D პრინტერებს, შეამცირეს სამუშაოს მოცულობა ან მთლიანად შეაჩერეს წარმოება. ბევრი 3D პრინტერი დღეს გამოუყენებელია, მაგრამ მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება პროტოტიპების ან საბოლოო პროდუქტების დაბეჭდვა, რაც უზრუნველყოფს ექიმების უსაფრთხოებას და დაეხმარება ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში.