მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4 კომპანიას სწრაფი ტესტების შემოტანის უფლება მიეცა - ტიკარაძე

5e7ca0b522520
ინგა მურუსიძე
26.03.20 16:40
3039
4 კომპანიას სწრაფი ტესტების შემოტანის უფლება მიეცა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე შეარჩია 7 კერძო ლაბორატორია, რომლებსაც შეუძლიათ ტესტების ჩატარება და მათ ლუგარის ლაბორატორიისგან ტესტები გადაეცათ საჩუქრად.

"ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება. ვართ ძალიან მკაცრები იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობას როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ისე რეგულირების სააგენტო ერთობლივად. დღეისათვის 8 კომპანიას ჰქონდა შემოტანილი დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში ტესტების შემოტანაზე და რეგულირების სააგენტომ თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კონსულტაციის გავლის საფუძველზე, 4 ასეთ კომპანიას დართო ნება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და PCR ტესტებიც.

დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას, ისევე როგორც კომპანიებს, არ აქვთ უფლება მიიღონ მოგება ადამიანებზე, სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და ეს თანხები უმეტეს შემთხვევაში, ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, როცა მას თან დაერთვება ექიმის დანიშნულება ტესტის საჭიროების შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტები ჩატარდა უკვე, თუმცა საწყის ეტაპზე, მაინც მოწმდებოდა სანდოობა და ხარისხი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულსა და ბოლნისში უკვე გასაუბრება მოხდა 40 ათას ადამიანთან და ას მათგანს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა.