03.მარტი .2020 17:30

4 მარტიდან საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

views 4032
უკან

საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულებით, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

"როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე - რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. 

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად. 

გარდა ამისა, მთავრობის 2 მარტის განკარგულებით ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში. ცვლილებები მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება", – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი - www.stopcov.ge შექმნა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა