მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$4 მლნ ინვესტიციით, სომხეთსა და სომხურ სამყაროში 700-მდე პროექტი შევასრულეთ - რუბენ ვარდანიანი

61be16e3a65c3
ინგა მურუსიძე
18.12.21 21:08
896
სომეხი ბიზნესმენი, რუბენ ვარდანიანი #ForbesTalks-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებშიც ამჟამად არის ჩართული. როგორც ის გიორგი ისაკაძესთან საუბარში ამბობს, სოციალური მეწარმე გახდა, რაც ნიშნავს, რომ ჩართულია ბევრ პროექტში, რომელიც ძირითადად განათლებას, ჯანდაცვას და მემკვიდრეობის საკითხებს ეხება.

ბიზნესმენის თქმით, ის ასევე ჩართულია ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროექტში, Aurora, რომელიც თავად დააფუძნა ამერიკელ მეგობრებთან ერთად.

„21-ე საუკუნეში, უფრო და უფრო ვხდებით სხვადასხვა თემისა და საზოგადოების წევრები. 60-მდე პროექტში ვარ ჩართული, რომლებიც ძირითადად ადამიანს, ადამიანურ ღირებულებებს, თემებს, მემკვიდრეობას, ჯანმრთელობას, განათლებას და მდგრად განვითარებას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვართ ტრანსფორმაციის ეტაპზე, რომელიც ყველა ჩვენგანს მოუტანს ახალ შესაძლებლობებს და ახალ გამოწვევებს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, როგორ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებულები ახალ რეალობაში - ვინ ვართ და როგორ გავზომოთ ჩვენი წარმატება“, - ამბობს ვარდანიანი.

ბიზნესმენი ინტერვიუში ყვება, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში თავის კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ცდილობდა ახალი მოდელების შემუშავებას და საბოლოოდ, დაახლოებით 4 მლნ დოლარის ინვესტიციით, სომხეთსა და სომხურ სამყაროში 700-მდე პროექტი შეასრულა.

პირველ რიგში ჩვენ გვქონდა ხედვა და ვცდილობდით გაგვეკეთებინა პროექტები არა ემოციებით, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვითა და მიზნებით, რასაც პრიორიტეტად ვსახავდით. მეორე, ჩვენ გვესმოდა სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა - ტერიტორიული სიმცირე. ამ მოცემულობაში დიდი ინვესტიციების ან დიდი შემოწირულებების მიღება ადვილი არ არის. ამიტომ ვთქვით - 'კარგი, როგორ შეგვიძლია რაღაც განსხვავებული გავაკეთოთ?' ასე რომ, ჩვენ შევქმენით დიდი, წამყვანი პროექტები, ინდუსტრიებისა და რეგიონების ტრანსფორმაციის მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ტრანსფორმაცია, როგორც მამოძრავებელი ძალა პრაქტიკად დამკვიდრდება. მესამე, გავაერთიანეთ საქველმოქმედო, სოციალური ზეგავლენის პროექტები კომერციულ პროექტებთან, რითაც ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ“, - განაცხადა ვარდანიანმა.

ბიზნესმენს ინტერვიუში მაგალითად მოყავს პროექტი, რომელიც შუა საუკუნეების საუნივერსიტეტო მონასტრის აღდგენას ეხებოდა.

ვარდანიანის განმარტებით, მონასტერი მდებარეობს პერიფერიული ტერიტორიაზე, სადაც ბევრი სოფელია. „ამ მონასტრის ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობა იტანჯებოდა, რადგან იყო მაღალი უმუშევრობა. ამ ადგილზე ცოტა ტურისტი ჩამოდიოდა, ხალხი კი სამუშაოს გარეშე იყო დარჩენილი. ხალხი ნამდვილად ვერ ხედავდა სომხეთის ამ მხარეში დარჩენის მიზანს ან მომავალს.

როდესაც ამ ადგილს ვეწვიეთ, მივხვდით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იქნებოდა მონასტრის აღდგენა, რომელიც 1930 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა. მაგრამ ამავე დროს, მივხვდით, რომ შეგვეძლო მონასტრის სრული რეკონსტრუქცია, თუმცა მონასტერი მაინც მიუღწეველი იქნებოდა რადგან იქამდე მისასვლელი გზა მიუვალი იყო. თანაც, როგორც ვთქვი, ის ძალიან შორს არის ერევნიდან. გზა ძალიან ცუდი იყო და შესაბამისად, გადავწყვიტეთ გზაც თავად აგვეშენებინა. შვეიცარიული კომპანიის დახმარებით, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა ავაშენეთ მონასტრამდე. გზამ ხალხს საშუალება მისცა დაზოგონ მონასტრამდე მისასვლელი დრო. რაც მთავარია, გზის გაყვანამ შექმნა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. 2009 წელთან შედარებით, როცა მონასტერს სულ 4000 ტურისტი ეწვია, 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე იგივე ადგილზე მოსახვედრად 150 000-მა ტურისტმა შეიძინა ბილეთები, რაც ნიშნავს, რომ მთლიანობაში მონასტრის დასათვალიერებლად დაახლოებით 200 000 ადამიანს ვუმასპინძლეთ.

ტურიზმის ამ ნაკადის გამო, დაახლოებით 47 საოჯახო სასტუმრო, რესტორანი და სუვენირების მაღაზია გაიხსნა. ხალხმა დაიწყო სუვენირების გაყიდვა. დავინახეთ, თუ როგორ შეუძლია მონასტრის აღდგენის წმინდა საქველმოქმედო პროექტს სოციალური გავლენის ინვესტიციის აშენება (რადგან ამ ინვესტიცია ამოღებას 30 წელიწადი მაინც დაჭირდება). ნათელია როგორ შეიძლება შეიქმნას შესაძლებლობები ამ ადგილის განვითარებისთვის - რესტორნების, სასტუმროების აშენებისთვისა და სუვენირების გაყიდვისთვის, რაც ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვცდილობთ განვახორციელოთ ჩვენი ხედვა. ეს კომერციული პროექტის, სოციალური გავლენისა და საქველმოქმედო პროექტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების თვალსაჩინო მაგალითია“, - ამბობს ბიზნესმენი.