მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა

5f1b1741509a1
BM.GE
24.07.20 21:14
829
4-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. დღეიდან რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით სრულდება.

დილით უკვე შესრულდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით პირველი ფრენა. რეისის პირველ მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. საღამოს კი პანდემიის შემდეგ, პირველი შიდა რეგულარული რეისი თბილისის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდა.

ჯამურად, ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, 2020 წელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შიდა ტურიზმის წლად გამოცხადდა. ამიტომ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით შიდა ფრენების განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა.

“2020 წელი საქართველოში გამოცხადებულია შიდა ტურიზმის განვითარების წლად. დღეიდან კი საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა აღდგა. მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ კომფორტული მცირე ზომის საჰაერო ხომალდით მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის მიმართულებით”, განმარტავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე.

მისი განცხადებით, ქვეყნის შიდა აეროპორტებში, საერთაშორისო აეროპორტების მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია საავიაციო გაიდლაინების მიხედვით.