მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4,000 თანამშრომლის გათავისუფლება მოგვიწევს - Goldman Sachs

63ad9ffa24ff3
გიორგი თოლორდავა
29.12.22 18:45
877
მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და რეცესიული რისკების ზრდის ფონზე, უოლ-სტრიტის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი თანამშრომლების 8%-ის გათავისუფლებას გეგმავს, რაც იმას გულისხმობს, რომ სამსახურის დატოვება 4,000 ადამიანს მოუწევს.

თანამშრომლების დათხოვნის მიზანი კომპანიის ხარჯების შემცირებაა. Goldman-ის გენერალური დირექტორის, დეივიდ სოლომონის განმარტებით, 2023 წელს აშშ-სა და ევროკავშირს წინ მძიმე ეკონომიკური გამოწვევები და რეცესია ელოდება, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა ხარჯები მაქსიმალურად შეამცირონ და თავი აარიდონ ზარალზე გასვლას.

სოლომონის განცხადებით, ბანკს სხვა გზა არ რჩება, სტაფის რაოდენობა დაუყოვნებლივ უნდა შემცირდეს, რათა Goldman-მა ფინანსურ გამოწვევებთან გამკლავება შეძლოს.

ბანკის ტოპ-მენეჯერებმა დირექტორთა საბჭოსგან უკვე მიიღეს ყველაზე დაბალპროდუქტიული თანამშრომლების იდენტიფიცირების ბრძანება, რათა წლის ბოლომდე გასათავისუფლებელ თანამშრომელთა სია შედგეს, იანვრიდან კი ბანკი საქმიანობას ახალი შემადგენლობით შეუდგეს.

1869 წელს ნიუ-იორკში დაფუძნებული Goldman Sachs-ი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ბანკია, ის 1.5 ტრილიონი დოლარის აქტივებს აკონტროლებს და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 115 მილიარდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების დათხოვნის სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს, ერთთვიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ღირებულება 11%-ითაა შემცირებული.