მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

43,600 უცხოელ ვიზიტორს შორის, რომელიც აგვისტოში შემოვიდა, 94% კაცია

5f5b519cd3674
შოთა ტყეშელაშვილი
11.09.20 14:35
1038

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოს საზღვარი სულ 43,658-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა. ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია. 

ტურიზმის ადმინისტრაციის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ვიზიტორების რაოდენობის რეკორდულ ვარდნასთან ერთად, დემოგრაფიული მაჩვენებლებიც რადიკალურად არის შეცვლილი - კერძოდ, 43,658 ვიზიტორს შორის 94% ანუ 41,081 კაცი იყო. ქალი ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ 2,577-ია. ვიზიტორთა მთლიან რაოდენობაში გასულ წელსაც კაცები ჭარბობდნენ, თუმცა 2019 წელს თანაფარდობა 58%/42%-ზე იყო. 

სავარაუდოდ, წელს გენდერულ ჭრილში ვიზიტორების ასეთი მკვეთრი დისბალანსი გამოწვეულია იმით, რომ ვიზიტორების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში ისეთი ტექნიკური მიზეზით შემოვიდა, როგორიც სატვირთო გადაზიდვის განხორციელებაა, ხოლო სატვირთო მანქანების მძღოლთა უდიდესი ნაწილი კი კაცია. 

რაც შეეხება საზღვრის ტიპებს, ვიზიტორების 92% სახმელეთო გზით, 6.6% კი საჰაერო გზით შემოვიდა. სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით კი ქვეყანას ვიზიტორთა 1.7% ეწვია.

აგვისტოში ყველაზე მეტი - 16,316 ვიზიტორი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა, წლიურ ჭრილში კი, თურქი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით არის შემცირებული. 

15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 თურქეთი - 16 316 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -89,5% ;
2 სომხეთი - 8 721 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -95,5% ;
3 საქართველო (არარეზიდენტი) - 4 722 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -91,2% ;
4 რუსეთი - 4 390 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,9% ;
5 აზერბაიჯანი - 3 757 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -98,3% ;
6 უკრაინა - 996 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,5% ;
7 ბელარუსი - 852 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93,8% ;
8 უზბეკეთი - 829 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -54,1% ;
9 ყაზახეთი - 472 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -97,1% ;
10 გერმანია - 430 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,6% ;
11 ბულგარეთი - 267 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -78,7% ;
12 საფრანგეთი - 235 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -96,0% ;
13 ტაჯიკეთი - 227 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -40,1% ;
14 ლატვია - 193 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -90,9% ;
15 ყირგიზეთი - 138 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -87,6% ;


რაც შეეხება ტურიზმის სექტორის შემოსავალს, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ივლისში ეს მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 97%-ით იყო შემცირებული და $11.2 მილიონ დოლარს შეადგენდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ამ დრომდე არ არის აღდგენილი და არც მისი აღდგენის მკაფიო გეგმა არსებობს, სავარაუდოდ, ტურიზმის შემოსავლების შემცირების მაჩვენებელი სექტემბერშიც ისეთივე მკვეთრი იქნება, როგორც ივლისში იყო.