08.ივლისი .2022 15:16

4,5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, დიდი ალბათობით, ზრდისკენ გადავხედავთ - კობა გვენეტაძე

4,5%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, დიდი ალბათობით, ზრდისკენ გადავხედავთ - კობა გვენეტაძე
views 512
უკან

საქართველოს ცენტრალური ბანკის არსებული პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, თუმცა დღეს სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მედიასთან განაცხადა, რომ არსებული ტრენდის გათვალისწინებით მშპ-ს ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება.

"ჩვენ მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას გავაკეთებთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დროს, აგვისტოს დასაწყისში. შემიძლია ახლა ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც ახლა გვაქვს, ისევ და ისევ ტრენდების გათვალისწინებით, რომელთაც ჩვენ მომავალში ვუყურებთ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდისკენ გადაიხედება",-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინფლაციას, ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საშუალო წლიური ინფლაცია 9,5% იქნება. კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, სებ-მა ინფლაციის არსებულ პროგნოზსაც გადახედოს. 

"მაგალითად, ნავთობის ფასები წინა კვირაში შემცირდა იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი გააგრძელებს მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებას, რამაც შეიძლება გლობალური რეცესია გამოიწვიოს და რაც იმოქმედებს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება - დაუყონებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამიტომაც ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ.

ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით არის იგივე - საშუალოდ 8.5-9%, წლის ბოლოს 9.5%, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში საკმაოდ ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია ახლა როგორ მოხდება განახლება, მაგრამ რა თქმა უნდა ის პროგნოზი, რომელიც გვექნება, ჩვენ განვაახლებთ",-განაცხადა კობა გვენეტაძემ.