მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

4G კავშირით საქართველოს 99%-ის დაფარვა, 5G სერვისის პილოტირება - გეგმები 2025 წლისთვის

5e29958014964
ინგა მურუსიძე
24.01.20 10:10
3896
საქართველოს მთავრობამ მოიწონა ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმები.

საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიზანია, რომ 2025 წლისთვის მაღალი სიჩქარის ფართოზოლოვანი ქსელი (100 მბწმ+) ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მასშტაბით.

„ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ჩარჩოს და ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს, რომლებიც დააჩქარებს საქართველოში ინტერნეტის ბაზრის განვითარებას, გამოწვევებზე რეაგირებით, გაზომვადი და ამბიციური მიზნების მიმართულებით მუშაობით. სამიზნე ღონისძიებები ფართოზოლოვანი ქსელის განვითარების ეროვნული სტრატეგიისთვის არჩეულ იქნა უკანასკნელ წლებში ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებაში მიღწეულ შედეგებზე დასამყარებლად და პოლიტიკით განსაზღვრული სამი ამოცანის პრაქტიკულად განსახორციელებლად. ესენია: კონკურენტული ზეწოლა, ინვესტიციების მოზიდვა და ციფრული უნარების და მოთხოვნის განვითარება საქართველოს მასშტაბით. ისინი ასევე ადაპტირებულია ევროკავშირის GigabitSociety ამოცანებთან და გაეროს ფართოზოლოვანი ქსელის კომისიის მიერ მომზადებული მდგრადი განვითარების მიზნების ხელმისაწვდომობის ინდიკატორებთან“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

ამდენად, 2025 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლებია: 4G კავშირით საქართველოს ტერიტორიის 99%-ის დაფარვა; 5G სერვისის პილოტირება სულ მცირე სამ მუნიციპალიტეტში; ყველა ინსტიტუციური სუბიექტისთვის 1გბ.წმ. კავშირზე წვდომა; ყველა შინამეურნეობისთვის მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ქსელზე წვდომა.

„სამიზნე მაჩვენებლები ამბიციურია, თუმცა მიღწევადი შესაბამისი რეფორმების და ინვესტიციების განხორციელებით“, - ნათქვამია სტრატეგიაში.