მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 ბარიერი, რომელიც ბიზნესს საქმიანობაში ხელს უშლის - BAG-ის ინდექსი

6421ac0de861d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 19:17
641
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს.

ამასთან, კომპანიების წარმომადგენლებმა I კვარტალში ის ბარიერებიც დაასახელეს, რომლებიც მათ ბიზნესსაქმიანობას აფერხებს. მათი შეფასებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის IV კვარტალთან შედარებით მცირედ (3 პპ-ით) გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.

ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სპეციალისტების ნაკლებობა, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სამართლებრივმა და ადმინისტრაციულმა ბარიერებმა დაიკავა (აღნიშნულ პრობლემას კომპანიათა ხელის შემშლელად 50% ასახელებს). სექტორებს შორის, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად ხელის შემშლელ ფაქტორს მომსახურების სექტორის კომპანიებისთვის (65%), ყველაზე ნაკლებად კი მრეწველობის სექტორისთვის (22%) წარმოადგენს.

საწარმოს ზომის მიხედვით, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ყველაზე მეტად პრობლემას მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს (65%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვის მიხედვით, იმ კომპანიათა უმეტესობამ, რომლებმაც სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები ხელის შემშლელ ფაქტორად დაასახელეს, წინა პერიოდების მსგავსად, ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად მარეგულირებელი გარემო მიიჩნიეს. სექტორებს შორის, მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში (დაასახელა გამოკითხულთა 86%-მა, რომლისთვისაც არსებობს სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები) დასახელდა. ხოლო მარეგულირებელი გარემო ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე ნაკლებად მრეწველობის სექტორის მიერ სახელდება (50%).

სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ბარიერებს შორის, მეორე ადგილს ადმინისტრაციული საკითხები იკავებს. აღნიშნული ფაქტორი სექტორებს შორის, ხელის შემშლელ ფაქტორად ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად მომსახურების სექტორში. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, აღნიშნული ფაქტორი ხელის შემშლელად ყველაზე მეტად მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო მრეწველობის სექტორში საერთოდ არ დაფიქსირებულა.

მთლიანობაში, წინა კვარტალთან შედარებით, შემცირებულია იმ კომპანიათა წილი, რომელიც COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუდვებს და სასამართლო სისტემას ასახელებდა ხელის შემშლელად (3 და 2 პროცენტული პუნქტებით, შესაბამისად), ხოლო გაიზარდა იმ კომპანიათა წილი, რომლებიც ადმინისტრაციულ საკითხებს და მარეგულირებელ გარემოს მიიჩნევს ხელის შემშლელად (შესაბამისად 10 და 8 პროცენტული პუნქტებით).


რაც შეეხება სხვა ბარიერებს, რომლებსაც კომპანიების ბიზნესსაქმიანობაში ხელისშემშლელ ბარიერებად ასახელებენ, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მწვავე მრეწველობის სექტორისთვისაა (89%), ხოლო ყველაზე ნაკლებად - ვაჭრობის სექტორისთვის (30%). საწარმოთა ზომის მიხედვით, აღნიშნული ფაქტორი ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (55%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

სამუშაო ძალის ნაკლებობას ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 47% ასახელებს. სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა კი ყველაზე მწვავე მშენებლობის სექტორისთვისაა (64%). საწარმოთა ზომის მიხედვით, სამუშაო ძალის ნაკლებობა ყველაზე მეტად პრობლემას მსხვილი ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს (68%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობამ ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 30%-მა დაასახელა. სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ხელის შემშლელ ფაქტორს ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის კომპანიებისთვის (44%) წარმოადგენს, ყველაზე ნაკლებად კი მომსახურების სექტორისთვის (19%). საწარმოს ზომის მიხედვით, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მეტად საშუალო ზომის კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას (35%-მა დაასახელა ხელის შემშლელად).

მეხუთე ფაქტორი, რომელიც ბიზნესს საქმიანობაში უშლის ხელს, შეზღუდული ფინანსური რესურსებია. ამ ფაქტორს ბარიერად გამოკითხულ კომპანიათა 17% ასახელებს. შეზღუდული ფინანსური რესურსები, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორის (44%) მიერ ფიქსირდება. საწარმოთა ზომის მიხედვით, შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა უმეტესად მსხვილი ზომის კომპანიებს აქვთ (19%).

ამასთან, BAG-ინდექსში აღნიშნულია, რომ ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის, წინა კვარტალთან შედარებით, ყველაზე მეტად სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების პრობლემა შემსუბუქდა (10 პპ-ით). ხოლო ყველაზე მეტად (8 პპ-ით) შეზღუდული ფინანსური რესურსების პრობლემა გამძაფრდა.