მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 გამოწვევა - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის 2021 წელს აჯამებს

61cadcf7d140e
ვიქტორია მღებრიშვილი
28.12.21 14:16
834
"2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა", - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვაშია ნათქვამი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წლის განმავლობაში დარგის წინაშე არსებული 5 ძირითადი გამოწვევაა გამოკვეთილი, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე მოქმედებდა.

„უმთავრესი, რა თქმა უნდა, COVID-19-ის პანდემიაა. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში, ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით იყო გამოწვეული, რასაც თავის მხრივ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა, რის გამოც ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა მოხდა.

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის უცხოურ ვალუტებთან მიმართებით გაუფასურება იყო, თუმცა წლის ბოლოს ის შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა.

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობაა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთანაა დაკავშირებულია. კერძოდ, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სატვირთო დიზელის საწვავის შემოდინება სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

ნავთობპროდუქტების სექტორისათვის მთავარი გამოწვევა მთელი წლის განმავლობაში ნავთობის მზარდი ფასი იყო. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8%-ით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე.

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხდევითაც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება. ამის ფონზე ქვეყანაში საწვავის ფასი იზრდებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრაზე) კი წავიდა.

უნდა აღინიშნოს მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საფუძველზე დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით გადავადება მოხდა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე არჩევანის საშუალება ჰქონდეს“, - ნათქვამია ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მხრიდან მთელი წლის განმავლობაში ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება ხდებოდა.

„ზოგიერთი არაბრენდული კომპანიის მხრიდან ქსელური კომპანიების თავისი სამარკო ნიშნით (პორტალი, ეკო პეტროლი და სხვ) ჩამოყალიბება და განვითარება ხდება. წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში 1300-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური ფუნქციონირებს“, - აცხადებენ კავშირში.