მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მილიონად ციფრული ბანკის გახსნას შეძლებთ

5f1eee6face36
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 19:35
2714
თუ თქვენ 5 მილიონი ლარის კაპიტალი გაქვთ, მაშინ თქვენს ხელთაა კაპიტალის ის მინიმალური ოდენობა, რომლითაც საქართველოში ციფრული ბანკის გახსნისთვის ლიცენზიის მოპოვება შეგეძლებათ.

ციფრული ბანკი ახალი თაობის საფინანსო დაწესებულებაა, რომელიც ოფისის და ფიზიკური ფილიალების გარეშე, სრულად ინტერნეტ სივრცეში არსებობს.

საქართველოს კანონმდებლობაში, ჯერჯერობით, არაა გაწერილი ციფრული ბანკის რეგულირების საკითხები, შესაბამისი ჩარჩოს შექმნაზე ეროვნული ბანკი ამჟამად მუშაობს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული რეგულირების პრინციპების თანახმად, ციფრული ბანკის შექმნა ჩვეულებრივი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მოცულობაზე 10-ჯერ ნაკლები თანხით იქნება შესაძლებელი.

2018 წლის 31 დეკემბრიდან, იმისთვის, რათა კომერციულმა ბანკებმა მათი ლიცენზია შეინარჩუნონ, მათი საზედამხედველო კაპიტალი არ უნდა იყოს 50 მილიონ ლარზე ნაკლები. ციფრული ბანკისთვის კაპიტალის მინიმალური მოთხოვნა ამ თანხის მხოლოდ 10%-ის ტოლფასი იქნება.

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლითაც სებ-ი ციფრული ბანკების რეგულირების ჩარჩოს გაწერას გეგმავს. მისი თქმით, მსგავსი საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის საბაზრო ბარიერების შემსუბუქება არის შესაძლებელი.

“ციფრული ბანკის ლიცენზია გულისხმობს სწორედ ბარიერების შემსუბუქებას, რათა კონკრეტული საბანკო პროდუქტი უფრო უკეთ იყოს ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მოდის თავისი შეზღუდვებით, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და შენარჩუნებული იყოს ფინანსური სტაბილურობა და არ დაგროვდეს დამატებითი რისკები სისტემაში", - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

დღეს საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკი საქმიანობს. ჯერჯერობით, ციფრული ბანკის სრულფასოვან ლიცენზიას არცერთი კომპანია ფლობს.