მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გასულ წელს ღვინის საექსპორტო ბაზრები 8-დან 17-მდე გავზარდეთ“ – „ფაფრის ველი“ სუბსიდირების პროგრამაზე

61696d86096b0
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 21:35
982
სახელმწიფომ ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული აქტივობების დასუბსიდირების გადაწყვეტილება რთველის აქტიურ ფაზაში მიიღო. როგორც 6 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, პროგრამა ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის სექტორის დამოკიდებულების შემცირების მიზნით ხორციელდება. მეღვინეობის დარგის მხარდამჭერი პროგრამის ზოგიერთ პუნქტს მცირე მარნების ნაწილი უარყოფითად აფასებს. BM.GE-სთან საუბრისას ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი შალვა ქურდაძე ახალ სახელმწიფო პროგრამას ძირითადად დიდი მწარმოებლების მხარდაჭერ პროგრამად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქვეყანაში აქცენტი ხარისხიანი ქვევრის ღვინის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს, რაც ვენახზე ზრუნვიდან უნდა დაიწყოს.

„მარკეტინგულ ბაზრებზე ქსელურ სუპერმარკეტებში ბუკირების და ლისტინგის ხარჯების სუბსიდირება უფრო დიდი კომპანიებისთვისაა სასარგებლო, მცირე მეწარმეების ღვინო ძირითადად, ექსკლუზიურ მაღაზიებში და რესტორნებში იყიდება და ბუკირების ხარჯებს, როგორც წესი, არ საჭიროებს. პროგრამის ეს ნაწილი ჩვენთვის საინტერესო არ არის, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის, როგორც კატეგორიის ცნობადობის გაზრდის პროგრამა. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის გამოფენებზე მცირე მეწარმეების წარდგენის სუბსიდირება, სადაც ხარისხიანი ღვინო ყოველთვის ნახავს დაინტერესებულ პარტნიორს. ეს მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყები მეღვინეებისთვის. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის საწარმო ინვენტარის და ვენახის მოშენების სუბსიდირებას, რაც მისასალმებელია“, - ამბობს შალვა ქურდაძე.

„ფაფრის ველის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ საექსპორტო ბაზრებზე კომპანიის სწორი პოზიციონირების შედეგად, პანდემიის მიუხედავად სარეალიზაციო ბაზრების რაოდენობა 8-დან 17-მდე გაიზარდა.

„უცნაურია, მაგრამ კოვიდ-პერიოდი ჩვენთვის ექსპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლით მიმდინარეობს, რასაც სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ადგილობრივ ბაზარზე, სადაც გასაგები მიზეზების გამო დისტრიბუცია მაქსიმალურად შევზღუდეთ“, - აღნიშნავს შალვა ქურდაძე.

„ფაფრის ველის“ ბიოღვინო ექსპორტზე დღეს უკვე 17 ქვეყანაში - იაპონიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, ჩეხეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ კორეაში, შვეიცარიაში და სხვა მიმართულებით გადის (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ღვინო უკრაინაშია წარმოდგენილი). როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ქურდაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, „ფაფრის ველი“-ს მასშტაბიდან გამომდინარე, ეს ძალიან კარგი შედეგია, რომელიც ღვინის მაღალი ხარისხის აღიარებაზე მეტყველებს.

„კომპანია წლიურად 25-35 ათას ბოთლ ღვინოს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით აწარმოებს. საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას მცირედით, ხოლო ხარისხი მაქსიმალურად გაზრდას ვგეგმავთ. მომავლისთვის გვექნება მეტი დაძველებული ღვინო. „ფაფრის ველის“ ღვინის ღირებულება საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასს მინიმუმ 3-ჯერ აღემატება, ხოლო ზოგიერთი განსაკუთრებული ბალანსის ღვინო გაცილებით მაღალ ფასში კოლექციონერებზე იყიდება“, - აცხადებს „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი.