მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 მიზეზი, რის გამოც პანდემიის დროს ბრიტანელებმა ბიზნესი წამოიწყეს

5ff0b6c8e6fee
თათია კაკიაშვილი
03.01.21 15:00
1297
კორონავირუსის პანდემიამ რომ მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი რომ შეაზანზარა, ახალი არაა, ხოლო ერთ-ერთი პირველი სექტორი, რომელსაც ყველაზე მეტად დაარტყა, სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია და საცალო ვაჭრობაა, თუმცა როგორც BBC დიდი ბრიტანეთის მაგალითზე წერს, არსებობს გამონაკლისებიც - მოქალაქეების ნაწილს სწორედ პანდემიურმა წელმა უბიძგა ბიზნეს საქმიანობის წამოწყებისკენ.

გამოცემა წერს, რომ ეროვნული სტატისტიკის ოფისის თანახმად, 2020 წლის მეორე ნახევარში, დიდ ბრიტანეთში ახალი კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულს 5 მიზეზით ხსნიან:

1. ბიზნესის წამოწყების განსხვავებული მოტივაცია და არა მხოლოდ საჭიროება

ადამიანების უმეტესობამ სამუშაოს დაკარგვის ან დაკარგვის შიშის გამო შექმნა საკუთარი კომპანიები. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ახლადდაქორწინებულმა წყვილმა, რომელიც Staffordshire–ში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მუშაობდა, სამუშაო დაკარგა, სახლში მომზადებული საკვების ე.წ. დელივერი ბიზნესი წამოიწყო, ხოლო მთავრობის მიერ გამოცხადებული „ლოქდაუნიდან“ რამდენიმე საათის შემდეგ, წყვილის ბიზნესი წარმატებულ საქმიანობად იქცა.

2. პანდემიის დროს ბიზნესის სახლიდან მართვა

ყველა ქვეყნის მთავრობა გასულ წელს ხალხს აქტიურად მოუწოდებდა, ოფისების ნაცვლად, სახლიდან ემუშავათ და სხვა ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე დაეყვანათ. ასეთ პირობებში, ბევრმა საკუთარი ბიზნესის წამოწყების გადაწყვეტილება მიიღო, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბიზნესს სახლიდან წარმართავნენ და დამატებით ხარჯსაც აიცილებდნენ. ამგვარი საქმიანობა მშობლებს ბავშვების მოვლის შესაძლებლობასაც აძლევს, განსაკუთრებით დახურული საბავშვო ბაღების და სკოლების დროს. მაგალითად, კიტ ტიპლადიმ საკუთარი სამზარეულო „შოკოლადის ქარხნად“ აქცია, რამაც საშუალება მისცა, სამი წლის ტყუპებისთვის თვალ-ყური ედევნებინა. მისმა ამგვარმა გადაწყვეტილებამ როგორც ბიზნესს, ასევე, ოჯახს მალე დიდი წარმატება მოუტანა.

3. საკვების და ხელნაკეთი ნივთების პოპულარობა

პანდემიამ საკვებზე და ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა გაზარდა. წლის დასაწყისში განსაკუთრებით საჭირო გახდა პირბადეები, ამიტომ იმ ადამიანების ბიზნესი, ვისაც პირბადეების შეკერვა სახლიდან ან საკუთარი ქარხნებიდან შეეძლოთ, წარმატებული მალევე გახდა. ასე რომ, კოვიდ 19-მა ბევრი ადამიანის ჰობი შემოსავლის წყაროდ აქცია.

4. მომხმარებლების მხრიდან ადგილობრივი საწარმოების მხარდაჭერა

ბევრი სტარტაპ კომპანიის საქმიანობა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის სერვისების შეთავაზებით დაიწყო და შემდეგ უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდა. ამის მაგალითია თუნდაც პირბადეების და სახლში მომზადებული შოკოლადების ბიზნესის განვითარება. მათი მეწარმეებისთვის თავდაპირველი, სანდო ჯგუფის უკუკავშირმა სტარტაპერების მიმართ ნდობა გააჩინა, რამაც ანტრეპრენერების სამომავლო მიღწევებს საფუძველი ჩაუყარა.

5. კომპანიები და ონლაინ მუშაობა

ბევრი მაღაზია და პირისპირ მომსახურების სექტორი „ლოქდაუნის“ დროს დაიხურა, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიებმა, რომლებიც მომხმარებლებს თავიანთ მომსახურებას ინტერნეტით სთავაზობდნენ ან ფიზიკურ ნივთებს ყიდდნენ ინტერნეტით და შემდეგ უშუალოდ აწვდიდნენ ხალხს, ოპერირება არ შეაჩერეს და მეტი შემოსავალიც მიიღეს. მაგალითად, ბრიტანეთში ონლაინ სამკერვალო კურსების შეთავაზებით, ასობით ადამიანი უერთდებოდა ყოველ მომდევნო სესიას და სწორედ ამიტომ, პანდემია ონლაინ სამკერვალო სკოლის დამფუძნებლებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.