16.სექტემბერი .2019 23:00

5 საათში 7-ჯერ შევსებული საწვავის ავზი და “არარეალური ოდენობით გახარჯული ბენზინი” - აუდიტის დასკვნა

views 4271
უკან

- 2017 წლის 6 ივლისს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთმა და იმავე ავტომობილმა, რომლის ავზის მოცულობა სულ 78 ლიტრია, 205 ლიტრი საწვავი ჩაასხა 5 საათის განმავლობაში. ავტომობილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა.

- 2017 წლის 29 სექტემბერს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთი და იმავე ავტომობილმა 4 საათში 5-ჯერ შეავსო საწვავის ავზი. SKODA OCTAVIA-ს საწვავის ავზის მოცულობა სულ 55 ლიტრია, ერთ დღეში მოხმარებულმა საწვავმა კი 136 ლიტრი შეადგინა. ავტომობილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაქვემდებარებაში იყო.

- 2017 წლის 23 თებერვალს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ერთი და იმავე ავტომობილმა, რომლის ავზის მოცულობა სულ 45 ლიტრია, 103 ლიტრი საწვავი ჩაასხა 1 საათის განმავლობაში. ავტომობილი შს სამინისტროს აპარატს ეკუთვნის. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვისას ავტომობილში ერთ ჯერზე იმაზე მეტი ოდენობის საწვავი ჩაასხეს (65 ლიტრი), ვიდრე მისი ავზის მოცულობაა(45 ლიტრი);

ეს არის ამონარიდები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისობის ანგარიშიდან, რომელმაც სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა და რომელიც 2017 წელს მოიცავს.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, “ავტომანქანებმა დროის მცირე მონაკვეთში ავზის მოცულობასთან შედარებით, არარეალური ოდენობით საწვავი ჩაასხეს”.



აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ წესით საწვავის ხარჯები კონტროლდება სპეციალური ჩიპების მეშვეობით, რომელიც სახელმწიფო ავტომობილებს აქვთ დაყენებული და მათი მეშვეობით ხდება კონტროლი. თუმცა, აუდიტის შედეგად მოხდა მანქანების ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ჩიპები ავტომობილებზე არ იყო დამაგრებული ანდა მათთვის ადგილის შეცვლა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იყო შესაძლებელი.

აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია ავტოპარკი შემდეგ დაწესებულებებში: შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ასევე აუდიტის ობიექტებია ამ უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რაც ერთობლივად 34 ერთეულს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია, შემდეგ მოდის განათლების სამინისტრო და ა.შ.