მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5 თვეში საქართველომ დენის ექსპორტიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო - "ჭარბი ელექტროენერგია თურქეთში იყიდება"

62bd97da95786
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.22 16:44
2408
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ქვეყანამ მიმდინარე წელს ჭარბი ელექტროგენერაციით მიღებული ენერგია ექსპორტზე თურქეთში გაიტანა - ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანიამ ელექტროენერგიის ჭარბი წარმოების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანა სრულად ადგილობრივი ენერგიით მარაგდება.

„იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან წყალუხვი იყო და ეს ტენდენცია შენარჩუნდა ზაფხულის დასაწყისშიც, ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია ჩვენს მოთხოვნას სრულად ფარავს და მეტიც ენერგიაც რჩება. შესაბამისად, ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში ხორციელდება. ამ წლის გაზაფხული ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია.

ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება უახლოეს პერიოდშიც, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომელთაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაოდ მოცულობითი წყლის რესურსები დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, რომ დაგროვილი წყლით ეტაპობრივად გამოიმუშაონ ენერგია და ბაზარს მიაწოდონ“, - განაცხადა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, ამ ეტაპზე ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება, ვინაიდან ადგილობრივი მოხმარება სრულად ადგილობრივი წარმოებით არის დაკმაყოფილებული.

„ზოგადად იმპორტს რაც შეეხება, ბოლო წლებში ჩვენ იმპორტი ძირითადად სამი ქვეყნიდან: რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან გვაქვს. არჩევანი კი შედარებით იაფ ენერგიაზე კეთდება, რათა ტარიფზე ზეწოლა დიდი არ იყოს.

გარკვეული თვეების განმავლობაში ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, ის უფრო იაფია. ტარიფის სტრუქტურიდან, მსყიდველუნარიანობიდან და ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, მაგრამ თუ რაღაც მიზნით მისი შეზღუდვა მოხდება, ან ემბარგო დაწესდება ან სხვა, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ დაემუქრება, რადგან ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები ნამდვილად არსებობს“, - განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტით 25.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს რიცხვი ბოლო ათ წელიწადის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკოს მონაცემებით კი, ამ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე 3 მეზობელ ქვეყანაში 272.1 მგვტ ელეტქროენერგია გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი თურქეთია, სადაც 217.1 მგვტ ენერგიის ექსპორტი განხორციელდა; მეორე ადგილზე სომხეთია 43.5 მგვტ-ით, მესამეზე კი აზერბაიჯანი 8.8 მგვტ-ით.