25.ივნისი .2022 15:54

5 თვეში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ $1 მლრდ-ს გადააჭარბა - რას ვყიდით/ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში?

5 თვეში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ $1 მლრდ-ს გადააჭარბა - რას ვყიდით/ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში?
views 1674
უკან

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 37.4%-ით 6.9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 68.6% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიაში პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა. ამ პერიოდში საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია. შედეგად თურქეთის წილმა საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 14.8% შეადგინა. 

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის დიდი ნაწილი იმპორტზე მოდის. თუმცა მიმდინარე წლის 5 თვეში მეზობელ ქვეყანასთან როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი გაიზარდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის თურქეთი მეოთხე ადგილს 9.2%-ით იკავებს. იანვარ-მაისში საქართველომ თურქეთში 194.6 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 46%-ით აღემატება.

რაც შეეხება იმას თუ რა გავყიდეთ თურქეთში, TOP-5 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. ფეროშენადნობები - 35.4 მლნ დოლარი, 15 423 ტონა;
2. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 34.5 მლნ დოლარი, 998 ტონა;
3. ელექტროენერგია - 23.4 მლნ დოლარი;
4. კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 19.3 მლნ დოლარი, 718 ტონა;
5. შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 15.4 მლნ დოლარი, 30 704 ტონა;

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა კი ჯამში 66.5 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყანა მთლიან იმპორტში 17.2%-იანი წილით, საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. თურქეთიდან შეძენილი საქონლის ღირებულება მიმდინარე წლის 5 თვეში 32.8%-ით გაიზარდა და 830 მლნ დოლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, TOP-5 საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 38.1 მლნ დოლარი, 1 266 ცალი;
2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 26 მლნ დოლარი, 362 ტონა;
3. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 20 მლნ დოლარი, 1 101 ტონა;
4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 18 მლნ დოლარი, 15 891 ტონა;
5. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 17.8 მლნ დოლარი, 8 189 ტონა.

დანარჩენი საქონლის იმპორტმა ჯამში 709 მლნ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა